მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტმა სამ თვეში 307 მლნ ლარი მიიღო

60804c9d5fd3f
შოთა ტყეშელაშვილი
21.04.21 21:01
1084
2021 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტმა აქციზის გადასახადიდან 306.7 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც ამავე პერიოდის გეგმით განსაზღვრულთან შედარებით 37%-ით მეტია.

საქართველოში აქციზური გადასახადით რამდენიმე პროდუქტი იბეგრება, მათ შორისაა თამბაქოს ნაწარმი, ბენზინი და დიზელი, ასევე ალკოჰოლური სასმელები და ლუდი. შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულია სტატისტიკური ინფორმაცია თუ რამდენი აქციზური მარკა გაიცა თამბაქოს ნაწარმზე, ასევე ლუდსა და სპირტიან სასმელებზე.

მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვალში, თამბაქოს ნაწარმზე სულ 32.4 მილიონი ერთეული აქციზური მარკა გაიცა, ლუდის აქციზური მარკების რაოდენობა 7.2 მილიონი იყო, სპირტიან სასმელებზე კი 1 მილიონი. სტატისტიკაში წარმოდგენილი არაა ბენზინისა და დიზელის საწვავის აქციზის შესახებ ინფორმაცია.

რაც შეეხება სხვა გადასახადებს, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ბიუჯეტმა საშემოსავლო გადასახადის სახით 779.5 მილიონი ლარი მიიღო, რაც პირველი კვარტლის გეგმის 98%-ია. დამატებული ღირებულების გადასახადიდან 976.4 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც პირველი კვარტალის გეგმის 98% იყო. მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 430 მილიონი შეადგინა, რაც პირველი კვარტალის გეგმის 94.5%-ია.

მთლიანობაში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია.