მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქტიურად ვმუშაობთ, რათა ქვეყანაში მედიკამენტების ფასი იყოს სამართლიანი - მინისტრი

62e7c3c5b51aa
ვიქტორია მღებრიშვილი
01.08.22 16:52
727
ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების გაიაფებისთვის ახალ რეფორმაზე მუშაობს. საუბარია რეფერენტული ფასების დადგენაზე, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ზედა ზღვარს დააწესებს თუ რა ფასად უნდა მოხდეს მედიკამენტების გაყიდვა ან მათი იმპორტი. ფასები კი სხვა ქვეყნებთან შედარების საფუძველზე, კონკრეტული ფორმულით უნდა დადგინდეს. უწყების მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, რეფერენტული ფასები ძირითადად იმ მედიკამენტებზე გავრცელდება, რომელიც სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. ესენია: ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.

მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ bm.ge-მ ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხა, კონკრეტულად რომელ მედიკამენტებზე გავრცელდება რეფერენტული ფასი, ასევე როგორ გამოითვლება რეფერენტული ფასი და ამ თემაზე ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ფარმაცევტულ კომპანიებთან. ზურაბ აზარაშვილმა კითხვებს ნაწილობრივ უპასუხა.

ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, რომ უწყება რეფერენტულ ქვეყნებს შეარჩევს და მომხმარებელი და სახელმწიფო კონკრეტულ წამლებში იმ ფასს გადაიხდიან, რაც ბაზარზე ამ მედიკამენტების ფასს შეესაბამება. 

"რეფერენტულ ფასებზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. ეს ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობის პროექტია, რომელიც წლის დასაწყისიდან დავიწყეთ, რათა ქვეყანაში იყოს სამართლიანი ფასები მედიკამენტებზე და ეს ფასები გამომდინარეობდეს არა მედიკამენტზე ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნიდან, არამედ იქიდან - როგორ განისაზღვრება ამ მედიკამენტების ფასები სხვა ქვეყნებში და პაციენტი - მომხმარებელი თუ სახელმწიფო იხდიდეს იმდენს, რამდენიც ბაზარზე ამ მედიკამენტის ფასს შეესაბამება. რეფერენტული ფასების პროექტის ფარგლებში ჩვენ დავადგენთ რეფერენტულ ქვეყნებს. ეს შეიძლება 5,10, 15 ქვეყანა იყოს. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი შერჩევა არსებობს“, - განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრის თქმით, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ამ მოდელს იყენებენ და ეს წამლის ფასწარმოქმნისთვის კარგი პრაქტიკაა. მან ის ფორმულა განმარტა, რომელითაც რეფერენტული ფასების დადგენაა დაგეგმილი.

„შერჩეული ქვეყნებიდან გამომდინარე, დავადგენთ საორიენტაციო მინიმალურ ფასს, რომელსაც დაემატება სამართლიანი მარჟა დისტრიბუციისთვის საქართველომდე, აფთიაქამდე და ამის შემდეგ დაემატება საცალო მარჟა, რომელსაც განვსაზღვრავთ. ამ მარჟის და საწყისი ფასის პირობებში, რაც გამოვა კონკრეტულ აქტიურ ნივთიერებაზე მაქსიმალური ფასი, იმ ფასის დაწესება შეეძლება აფთიაქს და უფრო ძვირად ისინი ამას ვერ გაყიდიან. თუ მედიკამენტი ერთი და იგივე აქტიური ნივთიერებით ღირს 10 ლარი და მეორე მედიკამენტი იგივე ნივთიერებით უფრო მეტი ღირს, ასეთი რაღაც აღარ იქნება. იქნება მკაცრად განსაზღვრული ფასი, რომელშიც შევა როგორც დისტრიბუციის მარჟა და მოგება, ასევე საცალო ქსელის მარჟა და მოგება“, - განაცხადა მინისტრმა.