მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა ევროპას საკმარისი ენერგორესურსი ზამთრისთვის?

63493d543041d
თათია კაკიაშვილი
17.10.22 11:04
666
რუსეთის მცდელობა - ევროპის წინააღმდეგ ენერგორესურსები პოლიტიკურ იარაღად გამოიყენოს - მისთვის სასურველი გეგმის მიხედვით არ მიდის. სტატიას ამის შესახებ CNN აქვეყნებს. ევროკავშირში ამბობენ, რომ ზამთრისთვის საკმარისი მარაგების დაგროვება შემოდგომის დასაწყისისთვის მოაგროვეს და რეზერვების 90%-ზე შევსება მოახერხეს. გარდა ამისა, კვლევითი კომპანია Wood Mackenzie-ის მონაცემებით, ოქტომბერში რუსეთის წილი ევროკავშირის ბუნებრივი გაზის იმპორტში 36%-დან 9%-მდე შემცირდა.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო წერს, რომ ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობის იმპორტმა 33%-ით იკლო. ამ მაჩვენებლებით, ევროპა მიზნისკენ მიმავალ გზაზეა, რომლის მიხედვითაც, 2027 წელს რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება უნდა დასრულდეს  იმპორტის მოცულობის ნორვეგიიდან, ალჟირიდან და აშშ-დან ზრდის ხარჯზე.

გაზის საცავები ამ დროისთვის 91%-ით დატვირთულია, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის დასახულ მიზანს - 80%-იან მაჩვენებელს, რისთვისაც წევრ ქვეყნებს ნოემბრის ბოლოს უნდა მიეღწიათ.

“პუტინი მარცხდება ეკონომიკური წესრიგის დესტაბილიზაციის მცდელობაში, ისევე როგორც უკრაინის ბრძოლის ველზე,“ - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა.

თუმცა, ეს წარმატება ევროპას ძვირი უჯდება: ალტერნატიული წყაროებიდან ბუნებრივი აირის მიღებამ ენერგეტიკული ფასების ზრდა გამოიწვია. მართალია, გაზის ევროპული საორიენტაციო ფასი აგვისტოს ბოლოს პიკის მიღწევის შემდეგ მკვეთრად დაეცა, მაგრამ მაინც 265%-ით მაღალია, ვიდრე - ერთი წლის წინ იყო. ეს კი მრავალ ოჯახს და ბიზნესოპერატორს რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში აყენებს, ხოლო მთავრობებს აიძულებს, სუბსიდირება გაზარდონ.

ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა - გერმანია მომავალ წელს მშპ-ის 0.4%-ით შემცირებას პროგნოზირებს. ეკონომისტები ამბობენ, რომ 2023 წელს შესაძლოა, რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება შეწყდეს, თუმცა გონივრულ ფასებს ევროპა მხოლოდ ათწლეულის მეორე ნახევარში უნდა ელოდოს.

მიუხედავად იმისა, რომ გაზის საცავები საჭირო ოდენობით სავსეა, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება კვლავ ეჭვის ქვეშ დგას. მიწოდების შოკების და განსაკუთრებით ცივი ზამთრის შემთხვევაში, ბუნებრივი აირის რაციონირება და გათიშვა კვლავ მოსალოდნელია. ასევე, რეალობასთან ახლოსაა ის, რომ ევროკავშირი მომავალი წლის დასაწყისში მომარაგების შეფერხების პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამ თვიდან რუსეთი გადაწყვეტს, გაზის მიწოდების დარჩენილი არხებიც გააჩეროს.

რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის “გაზპრომის” აღმასრულებელი დირექტორის ალექსეი მილერის განცხადებით, “არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ევროპა ამჟამინდელი რეზერვებით ზამთარს გადაურჩება,” რადგან მისივე თქმით, მარაგები მოთხოვნას მხოლოდ 10 კვირამდე დააკმაყოფილებს.

“თუკი წლევანდელი ზამთარი განსაკუთრებით ცივი იქნება, ევროპამ მარაგების შევსება მარტის დასაწყისიდან უნდა დაიწყოს. მაშინაც კი, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში ენერგორესურსების მოხმარების 15%-ით შეზღუდვას მოახერხებენ, მომავალ ზაფხულს მარაგების აღსადგენად, იაფ რუსულ გაზზე უფრო დიდი მოთხოვნა იქნება, ვიდრე წელსაა“, - განაცხადა ანალიტიკოსმა ტომას მარზეკ-მანსერიმ.

ამავეს პროგნოზირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის მოხსენებაშიც ვკითხულობთ, რომ “ევროპის ენერგეტიკული კრიზისი გარდამავალი შოკი არაა და 2023 წლის ზამთარი, სავარაუდოდ, უარესი იქნება".

ენერგეტიკული გადასახადების ზრდის გამო, ოჯახების და ბიზნესების მხარდასაჭერად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა 553 მილიარდი ევრო უკვე გამოყვეს. გაზის ფასის შესამცირებლად, ევროპის უდიდესი ეკონომიკა - გერმანია მზადაა 200 მილიარდი ევროს ოდენობით სესხის ასაღებად. თუმცა, მხარდაჭერის ასეთი პროგრამები მდგრადი არაა, თუ საბითუმო ფასები მაღალი რჩება. ევროპული გაზის ფიუჩერსების ფასები აშშ-ის საორიენტაციო ფასებს ამჟამად დაახლოებით 8-ჯერ აღემატება. ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ 2026 წელს ეს მაჩვენებელი 2,5-ზე ჩამოვა.