მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა ფრანგულ POMA-ს საქართველოს ვალი და რატომ ვერ ითხოვს მგფ მილიონ ევროს?

5db4308e8fea9
სალომე მეცხვარიშვილი
26.10.19 15:29
1294
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი მიიჩნევს, რომ ფრანგულ კომპანია POMA-ს, რომელსაც ჭიათურის საბაგიროს რეკონსტრუქცია ებარა, მილიონი ევროს დავალიანება აქვს საქართველოს მიმართ. თუმცა, აღნიშნულის დამდასტურებელი საბუთი ქართულ უწყებას არ გააჩნია,- ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით.

აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ:

სსიპ − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2016 წლიდან განკარგავს „ქალაქ ჭიათურაში მდებარე ქალაქის ცენტრის პერიფერიებთან დამაკავშირებელი ურბანული მექანიკური საბაგიროების აღჭურვილობის განახლების“ პროექტს, რომლის მშენებლობაც ფინანსდება საფრანგეთის მთავრობის სესხით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საფრანგეთის მთავრობას შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტის შემსრულებელია ფრანგული კომპანია POMA (შემდგომ − კონტრაქტორი).

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საფრანგეთის მთავრობის მიმართ გადასახდელმა სასესხო ვალდებულებამ შეადგინა 11,825,492 ევრო, რომელიც ხელშეკრულების პირობის შესაბამისად წარმოშობილია საფრანგეთის მთავრობის მიერ კონტრაქტორის მიმართ განხორციელებული პირდაპირი გადახდებით.

მუნიციპალური განვითარების ფონდისგან მიღებული ინფორმაციით, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ორგანიზაციას პროექტის ფარგლებში კონტრაქტორისგან მიღებული აქვს არა 11,825,492 ევროს, არამედ − 10,825,001 ევროს სამუშაოების შესრულების დოკუმენტაცია, რაც ფონდის ფინანსურ ანგარიშგებაში კომპანია POMA-ს მიმართ წარმოშობს 1,000,492 ევროს მოთხოვნას.

აუდიტის პროცესში აღნიშნული მოთხოვნა მესამე პირის დასტურის წერილით ვერ დადასტურდა, რადგან კომპანია POMA ქართული მხარის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს შესრულებულად თვლის და არ აღიარებს ფონდის მოთხოვნას.

„ზემოაღნიშნული გარემოება მიუთითებს, რომ მიუხედავად დაკისრებული ფუნქციისა, კომპანია POMA-ს მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში, ფონდს არ აქვს დანერგილი სათანადო კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს სამუშაოების ზედამხედველობასა და გადახდილი თანხის შესრულებულ სამუშაოებთან შესაბამისობის დადგენას. რაც, ასევე შექმნიდა ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული მოთხოვნის სამართლიანობისა და უტყუარობის საფუძველს.

შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა და საკმარისი კონტროლის მექანიზმების არსებობა მნიშვნელოვანია სამართლიანი აღრიცხვისთვის, პროექტის დროულად და ეფექტიანად განხორციელებისთვის და ასევე სახელმწიფოს მიერ გადასახდელი სესხის მიზნობრიობის დასადასტურებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ ვერ მოვიპოვეთ საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებული კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფორმა N1-ში 1,000,492 ევროს მოთხოვნის უფლებაზე“,- ნათქვამია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.