მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აქვს თუ არა სახელმწიფოს სამართლებრივი ბერკეტები "ურჩი" დამსაქმებლების წინააღმდეგ?- Nexia TA Legal

5e9ff4ba967e9
BM.GE
22.04.20 11:32
4509
"მთავრობა აუცილებლად მიაკითხავს ყველა იმ კომპანიას", რომლებმაც თანამშრომლები გაუშვეს და კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადეს - ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ 2020 წლის 14 აპრილს გააკეთა.

საინტერესოა, რას გულისხმობდა პრემიერ–მინისტრი ამ განცხადების გაკეთებისას და რა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით შეუძლია მთავრობას დააკისროს პასუხისმგებლობა დამსაქმებლებს, რომლებმაც დაარღვიეს შრომის კანონმდებლობა?

ამ საკითხებზე Nexia TA-ის იურიდიული მიმართულების Nexia TA Legal-ის მმართველი პარტნიორი გიორგი ავალიშვილი საუბრობს. 

– ზოგადად, რა სახის პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს დამსაქმებელს შრომის კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში?

– იმ შემთხვევაში, თუ დამსაქმებელი დაარღვევს დასაქმებულთა შრომით უფლებებს, დასაქმებულს უფლება აქვს მოითხოვოს სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, ზიანის ანაზღაურება და ა.შ. ამას იურიდიულ ენაზე სამოქალაქო პასუხისმგებლობას უწოდებენ. სამოქალაქო პასუხისმგებლობა დამსაქმებელს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ დაზარალებული მხარის, ამ შემთხვევაში, დასაქმებულის ინიციატივით. ამ სფეროში სახელმწიფო ვერ ჩაერევა. დასაქმებულს შეუძლია თავისი უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს საქმეს. სასამართლოც ამ ტიპის საქმეებში ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის და დისპოზიციურობის პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ დავის დაწყების, შემდგომში გაგრძელების შესახებ, გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მოსარჩელე. დავის შედეგიც უმეტესწილად თავად დასაქმებულზეა დამოკიდებული, კერძოდ იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ის დაამტკიცოს თავისთვის სასარგებლო გარემოებები და ა.შ.. შეიძლება ითქვას, რომ ამ ტიპის პასუხისმგებლობის დაკისრებაში სახელმწიფო მონაწილეობას ვერ მიიღებს. სახელმწიფო აქ მხოლოდ კანონის შემფარდებლად და აღმასრულებლად გვევლინება.

– რას გულისხმობდა პრემიერ მინისტრი, როდესაც საუბრობდა, რომ ყველა კომპანიას მოთხოვდა პასუხს შრომის უფლებების დარღვევის გამო?

– სახელმწიფოს, ზოგადად, უფლება აქვს კერძო სამართლებრივი სუბიექტების მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი ზომები. ამ ზომებს სახელმწიფო მიმართავს თავისი ინიციატივით და მნიშვნელობა არ აქვს, ვინმე "იჩივლებს", თუ არა. საქართველოს პრემიერ მინისტრიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებლობის ამ ზომებზე საუბრობდა.

დავიწყოთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულია 4000–ლარიანი ჯარიმა საწარმოს/ დაწესებულების/ორგანიზაციის თანამდებობის პირის მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევისათვის. ამ მუხლით საწარმოს შესაბამისი თანამდებობის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს, თუ მან თანამშრომელი უკანონოდ გაუშვა სამსახურიდან, ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ ბრალეულად არ ასრულებს თანამშრომელთათვის ხელფასის ან კუთვნილი კომპენსაციის გადახდას და ა.შ.

რაც შეეხება სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მას თანამშრომლის უკანონო გათავისუფლებისათვის, ან მისთვის ანაზღაურების გადაუხდელობისათვის საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არის დაწესებული შემდეგი ქმედებებისათვის: შრომის თავისუფლების ხელყოფა, იგივე ნებისმიერი სახის კანონიერ შრომით საქმიანობაში ხელის შეშლა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის იძულება დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე, სამუშაოზე აღდგენის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ა.შ., თუმცა ეს მუხლები, როგორც ვხედავთ, არ ეხება თანამშრომელთა უკანონო გათავისუფლებას, ან მათთვის ხელფასის და კომპენსაციის გადაუხდელობას.

– რა შემთხვევაში იქნება თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება კანონიერი და აქვს თუ არა სახელმწიფოს უფლება აიძულოს მეწარმე სუბიექტები, არ შეწყვიტონ შრომის ხელშეკრულებები კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში?

– დასაქმებულებთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა დამსაქმებელს აქვს მხოლოდ შრომის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. ყველა მათგანის განხილვას ვერ შევძლებთ, თუმცა მიმდინარე მოვლენებთან კავშირში ყველაზე რელევანტური იქნებოდა ყურადღების გამახვილება შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის ისეთ საფუძველზე, როგორიც არის რეორგანიზაცია, ე.წ. "თანამშრომელთა შემცირება". რადგან ბევრი კომპანია ფინანსური სიძნელეების წინაშე დადგა, შესაძლოა, ზოგიერთმა მათგანმა გადაწყვიტოს, რომ შეამციროს სახელფასო ხარჯები კომპანიის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით. მათ ამის უფლება აქვთ, თუმცა რეორგანიზაციას აქვს თავისი წესები, რომელთა დაცვის ვალდებულებაც ყველა დამსაქმებელს გააჩნია. მათ შორის, დამსაქმებელს აქვს დასაქმებულების წინასწარ გაფრთხილებისა და მათთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ასევე, გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების ვალდებულება. სავარაუდოდ, ამ ანაზღაურებაზე საუბრობდა პრემიერ–მინისტრი, როდესაც აცხადებდა, რომ "კომპანიას აქვს პირდაპირი სამართლებრივი ვალდებულება რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ადამიანს შესაბამისი გადასახადი გადაუხადოს". პრემიერ–მინისტრის ეს განცხადება ნამდვილად შეესაბამება სიმართლეს. თუ დასაქმებულთან ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება რეორგანიზაციის საფუძვლით, დამსაქმებელი ვალდებულია არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს ის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით. ამასთანავე, დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 1 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. დამსაქმებელი ასევე უფლებამოსილია არანაკლებ 3 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დასაქმებული წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით, თუმცა ამ შემთხვევაში დასაქმებულს მიეცემა კომპენსაცია არანაკლებ 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. აღნიშნული კომპენსაცია დასაქმებულმა უნდა მიიღოს გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარულ დღეში. დამსაქმებელიას ასევე ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

სახელმწიფოს არ აქვს უფლება, აუკრძალოს დამსაქმებლებს შრომის ხელშეკრულებების შეწყვეტა კანონიერად. ამ შემთხვევაში, ერთადერთი რაც სახელმწიფოს შეუძლია უმუშევრობის პრევენციისათვის, არის იმ კომპანიების წახალისება, რომლებმაც შეინარჩუნეს თანამშრომლები.

– როგორც ჩანს, სახელმწიფოს 4000 ლარიანი ჯარიმის გარდა სხვა სამართლებრივი ბერკეტი არ გააჩნია, თუმცა, რა მოხდება თუ ის ახლა დააწესებს პასუხისმგებლობას შრომის კანონმდებლობის დარღვევაზე?

– სახელმწიფოს ახალი სანქციების მიღება, რა თქმა უნდა, შეუძლია, თუმცა, მათ ვერ გაავრცელებს წარსულში მომხდარ ფაქტებზე, ანუ ამ ახალ რეგულაციებს უკუძალა არ ექნება. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პირმა არ შეიძლება პასუხი აგოს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. ეს რეგულაციები მხოლოდ იმ ქმედებებზე შეიძლება გავრცელდეს, რომელიც მათი ამოქმედების შემდეგ განხორციელდება.

(NS)