მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ არსებობს საუკეთესო დრო ინვესტირებისთვის - ეს რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყო“ - ოთარ შარიქაძე

61fe6ad738976
ვიქტორია მღებრიშვილი
05.02.22 16:20
605
„არ არსებობს საუკეთესო დრო ინვესტირებისთვის - ეს რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყო“ - ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ გადაცემა BMG Drive-ში აქციებში ინვესტირების დღეს არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ამერიკის საფონდო ბირჟებზე განთავსებული კომპანიების აქციებით ვაჭრობის შესახებ ინფორმაცია დღეს მეტად ხელმისაწვდომია, რაც ფასიან ქაღალდებში ინვესტირების შესაძლებლობებს ზრდის. გრძელვადიანი სტრატეგია, რისკების შეფასება და პიროვნებისთვის საინტერესო კომპანიის აქციების შეძენა - ოთარ შარიქაძის განმარტებით, ეს ის მთავარი ნაბიჯებია, რომელიც ფასიან ქაღალდებში ინვესტირების დაწყებისას არის საჭირო.

„ამერიკაში, ან განვითარებულ ქვეყნებში ოჯახები, ვისაც ინვესტირებისთვის გარკვეული თანხის გადადების საშუალება აქვთ, ბავშვებს ადრეული პერიოდიდან აჩვევენ ინვესტირებას. ბაზარზე ერთი წესია: არ არსებობს საუკეთესო დრო ინვესტირებისთვის - ეს რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყო. რადგან ისტორია აჩვენებს, რომ გრძელ ვადაში ინვესტირება მომგებიანია. ინვესტირების დაწყებისას მნიშვნელოვანია გვქონდეს სტრატეგია და ყოველი მოვლენის შემთხვევაში არ ვცვალოთ ის, რადგან აქციების ფასის მატებისას - მათი გაყიდვა და დაწევისას - შესყიდვა მოგებას გვაკარგვინებს. გრძელვადიანი ხედვა უნდა დაისახოთ და ეტაპობრივად უნდა ჩადოთ ინვესტიცია. ეს ქონების დაგროვების აპრობირებული მეთოდია. ეს არ არის ნოუჰაუ, ისტორიულად ბაზრები ასე ვითარდებოდა.

აქედან გამომდინარე უნდა გვესმოდეს რისკები, რომ ყველა ინვესტირება სადაც მოგება გვინდა იმის შანსიც არის რომ წავაგოთ. თუმცა მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ რისკის ალბათობა. აქ მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება, ანუ ერთი აქცია კი არ ვიყიდოთ არამედ გადავანაწილოთ. ძალიან ბევრი კვლევა აჩვენებს რომ პასიური ინვესტირება აქტიურ ინვესტირებაზე უკეთეს შედეგებს დებს“, - განმარტა Galt & Taggart-ის მმართველმა დირექტორმა.

ოთარ შარიქაძემ აღნიშნა, რომ საქათველოს ბანკისა და Galt & Taggart-ის ახალი პლატფორმა ინვესტიციების მიმართ, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მსოფლიოში ყველაზე ლიკვიდური, ამერიკის საფონდო ბირჟებზე განთავსებული ცნობილი კომპანიების აქციების შეძენის შესაძლებლობას აძლევს, ინტერესი დიდია და მათი მომხმარებელი საინვესტიციო კომპანიას ამ მიმართულებით უფრო მეტი ინფორმაციის გაზიარების მოთხოვნით მიმართავს.

„ჩვენ ყოველდღიურად ვმუშაობთ იმაზე რა ტიპის ინფორმაცია შეიძლება მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს.

ვხედავთ, რომ ამ ინდუსტრიის ცნობადობა იზრდება. ნაცნობი ხდება ტერმინოლოგია და შესაბამისად დაინტერესებაც მზარდია“, - აღნიშნა შარიქაძემ.