მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გამოვრიცხავ, მიკრობანკის სტატუსის მიღების მსურველებს ის ორგანიზაციები დაემატონ, რომლებიც ბაზარზე არ არიან - პაპუნა ლეჟავა

640f133e34a75
ელენე გოგბერაშვილი
13.03.23 20:00
904
2024 წლიდან ბაზარზე, ახალი ტიპის ფინანსური ინსტიტუტები, მიკრობანკები გაჩნდებიან. საკანონმდებლო ჩარჩო მიკრობანკების შესახებ უკვე მიღებულია და ეროვნულ ბანკს ახლა 1 ივლისამდე აქვს ვადა ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტები გამოსცეს. კანონით, ეროვნულმა ბანკმა დაინტერესებულ პირისთვის მიკრობანკის ლიცენზია განაცხადის წარდგენიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

უკვე გაცხადებულია, რომ მიკრობანკის სტატუსის მიღებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციები: MBC, კრისტალი და ლაზიკა კაპიტალია დაინტერესებული. ცენტრალური ბანკის ვიცე პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა BM.GE-სთან არ გამორიცხავს, მათ რიცხვს ისეთი ორგანიზაციები დაემატონ, რომლებიც დღეს ბაზარზე არ არიან წარმოდგენილი.

„დაახლოებით სამი ორგანიზაციაა, ვისაც აქვს სურვილი, თუმცა არ გამოვრიცხავ ამ ორგანიზაციებს სხვებიც დაემატონ, მათ შორის ახალი ორგანიზაციები, რომლებიც დღეს ბაზარზე არ არიან“,- აცხადებს პაპუნა ლეჟავა.

მიკრობანკები იქნებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და კომერციულ ბანკებს შორის მდგრადი ფინანსური ინსტიტუტები. მათი ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70% უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან. მიკროსაფინანსოებისგან განსხვავებით, მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვა და ანგარიშების გახსნაც შეეძლებათ.

განსხვავებული იქნება მიკრობანკების მარეგულირებელი ჩარჩო. მაგალითად, თუკი კომერციული ბანკის ლიცენზიის მისაღებად 50 მილიონი ლარის კაპიტალის ფლობაა აუცილებელი, ხოლო მისო-სთვის კაპიტალის მოთხოვნა 1 მილიონი ლარია, მიკრობანკებს ლიცენზიის მისაღებად 10 მილიონი ლარის საწესდებო კაპიტალი დასჭირდებათ. ლიმიტირებულია მიკრობანკის მიერ გასაცემი სესხის მაქსიმალური ოდენობაც, რაც მაქსიმუმ 1 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ მიკრობანკის ლიცენზიის მიღებას ვერ შეძლებენ ის ორგანიზაციები, რომელთაც აქტივები დაგირავებული აქვთ. კერძოდ, 2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მას მიკრობანკის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა არ უნდა ერიცხებოდეს დაგირავებული აქტივები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის ლიცენზიის მიღების მომენტში 90%-ზე მეტია, მას დეპოზიტის მოზიდვის უფლება არ ექნება, რასაც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მოტივით ხსნის.

„მიკრობანკების ჩარჩო შედარებით შერბილებული ზედამხედველობით სარგებლობს, ვიდრე კომერციული ბანკის ჩარჩო. იქ ზედამხედველობა გაცილებით მკაცრია, თუმცა მისაღწევად, რომ ამით არ შეიქმნას რისკები როგორც საფინანსო სექტორში, ისე მომხმარებლებისთვის, დამზოგველებისთვის, დეპოზიტარებისთვის, არის შეზღუდვები ჩადებული. ეს შეზღუდვები ეხება მაგალითად, დეპოზიტის მაქსიმალურ ოდენობას, რაც არ უნდა აღემატებოდეს დეპოზიტების დაზღვევის ჩარჩოთი განსაზღვრულ ოდენობას.

ასევე გვაქვს სხვა შეზღუდვები, მაგალითად თუ მიკრობანკს ექნება გარკვეული აქტივების მოცულობა დაგირავებული, მას არ ექნება დეპოზიტების მოზიდვის უფლება. ეს მიზნად ისახავს იმას, რომ მიკრობანკის გაკოტრების შემთხვევაში დეპოზიტარს არ შეექმნას საფრთხე, რადგან ეს აქტივები გამოიყენება სხვა სესხის უზრუნველყოფად, შესაბამისად დეპოზიტარებისთვის შეიძლება აღარ დარჩეს აქტივი. აქედან გამომდინარე, ასეთ ორგანიზაციებს დეპოზიტის მიღების უფლება არ ექნებათ.

გარკვეულ გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს კანონმდებლობა, რა პერიოდშიც უნდა შემცირდეს დაგირავებული აქტივების მოცულობა, ამის შემდეგ ექნებათ უკვე მიკრობანკებს დეპოზიტების მოზიდვის საშუალება“,-განმარტავს BM.GE-სთან პაპუნა ლეჟავა.

მნიშვნელოვანი გარემოებაა ისიც, რომ მიკრობანკებს მხოლოდ ლარში შეეძლებათ დაკრედიტება. კანონპროექტის პირველანდელი რედაქციით, 200,000 ლარს ზემოთ როგორც ბანკებს მიკრობანკებსაც ექნებოდათ უცხოურ ვალუტაში სესხების გაცემის შესაძლებლობა, თუმცა ბოლო რედაქციაში ეს მუხლი შეიცვალა და მიკრობანკებს ეს უფლება არ ექნებათ.