18.ოქტომბერი .2020 15:39

არ გვაქვს ფუფუნება, მიწა მოცდეს - სოფლის მეურნეობის მინისტრი

views 489
უკან

არ გვაქვს ფუფუნება, მიწები მოცდეს, სახელმწიფოს ჯერ კიდევ გააჩნია რესურსი, რომლის პრივატიზება უნდა მოხდეს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში განაცხადა. ასე უპასუხა მან შეკითხვას, აპირებს თუ არა სახელმწიფო მიწების პრივატიზაციას.

ლევან დავითაშვილის თქმით, იმისთვის, რომ მიწის პრივატიზება მოხდეს, ჯერ ზუსტი მონაცემები უნდა შეიქმნას - ვინ რა მიწას ფლობს საქართველოში - რა არის კერძო და რა სახელმწიფოს მფლობელობაში.

“პრივატიზება უნდა მოხდეს, მაგრამ მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს უნდა მოხდეს სწორად. ჩვენ თუ არ შევქმენით დარეგისტრირეული მიწის ერთიანი ფენა, როცა გვეცოდინება - ვინ არის მიწის მფლობელი, მიწასთან დაკავშირებული ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება არასამართლიანი იქნება, რადგან ვინც სარგებლობს მიწით დაურეგისტრირებლად, მაგალითად სახელმწიფო სანქცია მას არ შეეხება.

დღეს კი სახელმწიფო მიწები ხშირ შემთვევაში დავის საგანია, რადგან კონკრეტული ადამიანები სარგებლობენ სახელმწიფო მიწით. სწორედ ამიტომ პრივატიზაციის ნაწილი საკმაოდ რთულია ხოლმე. ამიტომ ჯერ მიწის მფლობელობის სისტემური ნაწილი უნდა მოწესრიგდეს”,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების აქტივობამ სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვნად გაზარდა მიწის ფასი ამა თუ იმ რეგიონში.

“აქტივობამ, რაც ჩვენ გამოვიწვიეთ სოფლის მეურნეობაში( მეტი ინტერესი გაჩნდა ამ კუთხით), ამან მიწების ფასი გაზარდა თითქმის 5-ჯერ და წარმოების პოპულარულ ზონებში 10-ჯერაც. ეს არის ძირითადი აქტივი ფერმერის, რომელიც მათ აძლევს მეტ საშუალებას, ბანკთან ურთიერთობა ჰქონდეს და ა.შ.”,- აცხადებს ლევან დავითაშვილი.