მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ გვაქვს მანდატი, გეგმურად შევამოწმოთ კლინიკები, ველოდებით ცვლილებებს პარლამენტისგან - ტიკარაძე

61713391c08f8
ინგა მურუსიძე
21.10.21 13:37
770
რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ველოდებით პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

საქმე ის არის, რომ გუშინ გამოვლინდა თაღლითობის ფაქტი. კერძოდ, აღმოჩნდა, რომ გოგელიას სახელობის კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად, C-ვიტამინს უკეთებდნენ. ფაქტი მას შემდეგ გახმაურდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ამპულის შემოწმება გადაწყვიტა. ამ დროისთვის კლინიკა დახურულია. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტო დეტალურად შეისწავლის იქ არსებულ პროცესს.

„თქვენ იცით, რომ მათ გუშინვე მოახდინეს რეაგირება. დეტალურად გაიწერება ყველა ღონისძიება, გადაიგზავნება დოკუმენტები იმ შესაბამის უწყებებში, რომლებშიც შემდგომში რეაგირება უნდა მოხდეს. ამ კლინიკის საქმე ერთი წლის წინ გადაგზავნილი იყო პროკურატურაში, ჩვენ მათ კვლავ დავუკავშირდებით და გავეცნობით, თუ რატომ არ მოხდა დღემდე რეაგირება.

რაც შეეხება სხვა კლინიკებს, ჩვენ გარკვეულწილად შეზღუდულები ვართ, ვინაიდან რეგულირების სააგენტოს არ გააჩნია მანდატი გეგმურად შეამოწმოს კლინიკები, ამისთვის საჭიროა კანონის ცვლილება და ველოდებით პარლამენტს რომ მიიღოს შესაბამისი ცვლილებები და რეგულირების სააგენტოს მიეცეს შესაბამისი მანდატი, შეამოწმოს არა მხოლოდ ამბულატორიები, კლინიკებიც, რათა ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, შეიცვალოს წესები საკანონმდებლო დონეზე, რათა არ მოხდეს კლინიკების დარეგისტრირება მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არამედ მოხდეს მათი საჭიროების, ასევე მათი სამუშაოს დეტალური აღწერა და მხოლოდ რეგულირების სააგენტოს და სამინისტროს თანხმობით მოხდეს კლინიკების გახსნა.