მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მაქვს მოლოდინი, რომ 1 თებერვალს გავიხსნებით“ - ტურიზმის სპეციალისტი

600712ff6af1e
მარიამ ადამია
19.01.21 22:45
841
ტურიზმის სპეციალისტის, თამარ შამათავას განცხადებით, მოლოდინები 1 თებერვალს გახსნასთან დაკავშირებით პესიმისტურია.

„18 იანვარსაც ვიხსნებოდით და კიდევ ბევრი მოლოდინი იყო არასწორად შექმნილი ქვეყანაში, ხოლო ამ მოცემულობით თუ გაგრძელდა ვითარება, 2023 წელსაც ვერ გავიუმჯობესებთ მდგომარეობას, რადგან ყოველი დაკარგული დღე ნიშნავს კიდევ ერთ გადაწეულ წელს სექტორის აღდგენის კუთხით,“ - ამის შესახებ შამათავამ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურათი, რომელიც დღეს ქვეყანაში არის შექმნილი ძალიან მძიმეა, რომელიც რიცხვებში ჩაშლილად ასე გამოიყურება:

2019 წელს 10 თვეში ტურიზმიდან შემოსავალი იყო 2,8 მლრდ აშშ დოლარი. 2020 წელს იმავე საანგარიშო პერიოდში - 516 მლნ, ანუ 80%-იან კლებას ვითვლით და ესეც იმ მონაკვეთში, როდესაც ე.წ. „ლოქდაუნი“ არ იყო გამოცხადებული. გარდა ამისა, 300 ათასმა ადამიანმა ოფიციალურად დაკარგა სამუშაო ტურისტულ ინდუსტრიაში და ეს სტატისტიკაც მზარდია.

„ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი შანსი გავუშვით. არ გამოვიყენეთ „მწვანე ქვეყნის სტატუსი“ და ამავდროულად კოვიდ-სტატისტიკამაც იმატა. მდგომარეობა მწვავდება და ამას ემატება არაპროგნოზირებადი გარემო ბიზნესისთვის. არ ვიცით რისთვის მოვემზადოთ. დღეს ტურიზმის ამოქმედება უნდა დაიწყოს ნულიდან, კერძო სექტორს უწევს მოიძიოს გაშვებული თანამშრომლები, გადაამზადონ კადრები და ინვესტიცია ჩადონ იმისათვის, რომ მზად დახვდნენ ტურისტებს. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს სამოქმედო გეგმა, ამიტომაც ვერც ბიზნესი იწყებს მზადებას და ესეც დამატებითი შოკია მათთვის“, - აღნიშნა თამარ შამათავამ.

ტურიზმის სპეციალისტის თქმით, გაურკვეველია ისიც, თუ რა მესიჯბოქსებს ვაგზავნით საერთაშორისო ბაზარზე, კერძო სექტორს უჭირს პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყება ისევ და ისევ არაპროგნოზირებადი გარემოს გამო.

„წარმოვიდგინოთ რეალობა, სადაც კოვიდი აღარ არსებობს, მოხდა ვაქცინაცია, გაიხსნა საზღვრები და ტურისტული ბუმია მსოფლიოში. სახლში ჩაკეტილი ადამიანები გავიდნენ გარეთ და დაიწყეს მოგზაურობა. ამ დროს რატომ უნდა ჩამოვიდეს ვინმე საქართველოში? ვინმე ელაპარაკა მათ? ვინმემ მოამზადა კერძო სექტორი, რომ ღირსეულად დავხვდეთ მონატრებულ ტურისტებს? მთელი სახელმწიფო რესურსი უნდა იყოს ახლა დაკავებული ამ მიმართულებით, რომ არ ამოუვარდეთ ადამიანებს გონებიდან, არ გაქრეს ტურისტული რუკიდან საქართველო. დაწყებული უნდა გვქონდეს ვაქცინაციის კუთხით მუშაობა და ვფიქრობ ერთი თვის შემდეგაც იმავე ტექსტს მოვისმენთ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება ვაქცინის ჩამოტანაზე. არადა ამ დროს ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმა უნდე დაიწყეს აცრა“, - განაცხადა შამათავამ.

შეგახსენებთ, კერძო სექტორის მოსაზრებებზე დაყრდნობით, ტურიზმის აღდგენის გზა ორ მთავარ პრინციპზე დგას. პირველი ეს არის ვაქცინაცია და მეორე, სახელმწიფოს გეგმა, თუ როგორ ვმოქმედებთ პოსტ-კოვიდ ვითარებაში. კერძო სექტორმა დროულად უნდა იცოდეს თუ როდის იგეგმება შეზღუდვების შემსუბუქება, იმისათვის რომ მზად დახვდნენ ტურისტებს, იქნება ეს შიდა თუ საერთაშორისო.

აუცილებელია სწორი მოლოდინების შექმნა და კიდევ ბევრი ფაქტორია, რომელიც საქართველოში ჯერ ისევ მოუგვარებელია იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნებს უკვე დაწყებული აქვთ აგრესიული მარკეტინგული კამპანიები და ცდილობენ ინდუსტრიის მოთამაშეების დახმარებას/გადამზადებას. საქართველოში ისევ და ისევ ვსაუბრობთ გეგმის არარსებობაზე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე.