მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მეგულება ამ სფეროში ჩართული ადამიანი, რომელსაც „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შეწყვეტა არ ეწყინა“ - ვერიკო ხომერიკი

602be1e401366
ნუცა ბაზლიძე
28.02.21 19:40
1055
პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. ამასთან დაკავშირებით, აგროტურიზმის განვითარების სპეციალისტმა ვერიკო ხომერიკმა გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში საკუთარი აზრი დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ასეთი კანონის არსებობა სფეროში ჩართული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, მათ შორის, აგროტურისტული ობიექტების სწორად იდენტიფიცირების თვალსაზრისით. 

„არ მეგულება ამ სფეროში ჩართული ადამიანი, რომელსაც პარლამენტის გადაწყვეტილება არ ეწყინა. ეს იქნებოდა გარკვეული ნდობის საფუძველი. კლიენტებისგან, სტუმრებისგან, დამსვენებლებისგან ნდობას დაიმსახურებდნენ, რადგან ისინი რეგისტრირებული იქნებოდნენ, როგორც აგროტურისტული ობიექტი“, - აღნიშნავს ვერიკო ხომერიკი. 

მისივე განმარტებით, კანონპროექტი მნიშვნელოვანი იქნებოდა სოფელში სიღარიბის შემცირების კუთხითაც. ვერიკო ხომერიკი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი გრანტების მიღების მხრივაც, სასარგებლო იქნებოდა.  

საკითხზე საუბრისას, აგროტურიზმის განვითარების სპეციალისტი შეეხო იმ განმარტებასაც, რომ შეჩერებული კანონპროექტის თემატიკა აისახება ტურიზმის შესახებ კანონში. 

„არ ვიცი რამდენი ხანი გაგრძელდება ეს პროცედურა, რამდენად იქნება ეს ასახული ისე, როგორც არის „აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტში და იქნება თუ არა საშუალება, რომ ზუსტად იმ მიმართულებით წავიდეს და შეიტანოს წვლილი თუნდაც სოფლის განვითარებაში“, - ამბობს ვერიკო ხომერიკი. 

გარდა ამისა, აგროტურიზმის განვითარების საკითზე საუბრისას, ის დასძენს, რომ სერვისის მომხმარებლები ხშირად არიან ბავშვიანი ოჯახები, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და საკვების უვნებლობის სტანდარტები.

„ვფიქრობდით, რომ ამას ეს კანონპროექტი მოაწესრიგებდა“, - დასძენს ვერიკო ხომერიკი.