მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მესმის, რა აქვს ფინანსთა სამინისტროს საამაყო - გიგა ბედინეიშვილი „Fitch“-ის რეიტინგზე

610ffa7d254e9
ანუკა ჯოხაძე
08.08.21 20:35
1319
სარეიტინგო სააგენტო “Fitch“-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურ“ დონემდე გააუმჯობესა. ანგარიში უკვე გამოქვეყნდა. "სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა. ამით საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ მაჩვენებელს', - ამბობენ ფინანსთა სამინისტროში.

ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი bm.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ამაში საამაყო არაფერია, რადგან სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-ის მიერ მონიჭებულ BB რეიტინგზე უკვე დიდი ხანია გაჩერებული ვართ.

მისი თქმით, ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანია იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შეძლებს ქვეყანა საინვესტიციო რეიტინგის მიღწევას, რომლამდეც კიდევ 2 საფეხურია დარჩენილი.

“აუცილებლად მივაღწევთ საინვესტიციო რეიტინგს, თუმცა აქ კითხვაა როდის. არ მესმის, რა აქვს ფინანსთა სამინისტროს საამაყო იმაში, რომ ამდენი ხანი BB რეიტინგზე ვართ გაჩერებული. ისეთივე ტემპით რომ ვითარდებოდეს ეკონომიკა, როგორც 2000-იან წლებში დაიწყო საქართველოში, დღეს ნამდვილად გვექნებოდა საინვესტიციო რეიტინგი. ფაქტია, რომ ბოლო 9-10 წლის განმავლობაში მშპ ერთ სულ მოსახლეზე ნომინალურ გამოსახულებაში, დოლარში არ გაზრდილა. ივანიშვილმა ფაქტიურად ეს წლები ამოიღო საქართველოს ეკონომიკის განვითარებიდან. ამაზე ცუდი სამსახური ქვეყნისთვის არ ვიცი, ვის უნდა გაეკეთებინა. ეკონომიკის განვითარება"დაასტოპა”, -აცხადებს ფინანსისტი.

აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა ასევე ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5%-ული პუნქტით (4.3 პროცენტიდან) 7.8%-მდე გაზარდა, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. ამ საკითხსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს გიგა ბედინეიშვილი და ამბობს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს ეკონომიკური ზრდის ნაწილში, ქვეყანამ 2019 წლის ნიშნულს გადააჭარბოს. 

“ეკონომიკური ზრდა შესაძლოა 2019 წლის დონეს დაუბრუნდეს, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ 2019 წლის მაჩვენებელს გადავაჭარბოთ, არ მაქვს. თუმცა ის, რომ დავუბრუნდეთ პანდემიამდე ნიშნულს, არ არის მთავრობის მუშაობის დამსახურება, ეს არის შედეგი იმისა, რომ უბრალოდ ქვეყნის ეკონომიკას აღარ ვკეტავთ”, - აცხადებს გიგა ბედინეიშვილი.