მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მგონია, ჰოლანდიიდან ვინმე კარგი ხედის ხათრით ჩამოვიდეს საქართველოში სამუშაოდ“

5f106b86a26fc
თელარა გელანტია
16.07.20 22:00
1403
„არ მგონია, ჰოლანდიიდან ან გერმანიიდან ვინმე კარგი ხედის ხათრით ჩამოვიდეს საქართველოში სამუშაოდ“, - ასე ეხმაურება bm.ge-ისთან ახალგაზრდა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი მთავრობის იმ ინიციტივას, რომელიც უცხოელებს, დისტანციურად, საქართველოდან მუშაობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ლაშა ბერეკაშვილის თქმით, თუ ინიციატივა ბიზნეს-ტურიზმის განვითარებას გულისხმობს, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ მას ეეჭვება, რომ პროექტმა წარმატებით იმუშაოს.

„არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს ინიციატივა უფრო მეტად მხარჯველუნარიან ვიზიტორებს მიიზიდავს. დღესდღეობით, საქართველოში ტურისტული ინდუსტრია მთლიანად მოწყობილია დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მიერ შესრულებულ ფრენებზე. არ მგონია, რომ ჰოლანდიიდან ან გერმანიიდან ვინმე კარგი ხედის ხათრით, ოთხ კედელში გამოსაკეტად ჩამოვიდეს საქართველოში, რომ უფრო ნაყოფიერად იმუშაოს. ეს არ მოხდება. ვფიქრობ, ეს დროის და რესურსების არასწორი მიმართულებით ხარჯვაა“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ქვეყნის ეტაპობრივი გახსნის სტრატეგიის ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალური რეჟიმით შემოსვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

შემუშავებული პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა გამონაკლისის წესით დაუშვებს ყველა ქვეყნის მოქალაქის საზღვრის კვეთას, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე მინიმუმ 6 თვით ცხოვრების უფლება ექნება. 

პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად მოამზადა და გათვლილია იმ უცხოელებზე, რომლებიც არიან ფრილანსერები (თვითდასაქმებულები); მუშაობენ დისტანციურად ან შეუძლიათ, საკუთარი ბიზნესი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მართონ.

ინიციატივის მიხედვით, გრძელი ვადით შემოსული ვიზიტორის ქვეყანაში შემოსვლისთვის სავალდებულოა სამივე კატეგორიის მოგზაურმა შეავსოს სავალდებულო აპლიკაცია და მიიღოს ქვეყანის საზღვრის კვეთისთვის საჭირო წინასწარი დასტური. აპლიკაციაში პირები წარმოადგენენ პირად ინფორმაციას, ცნობას დამსაქმებლის ან კონტაქტორის შესახებ, წინასწარი დასტურს სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის გავლის თაობაზე და სხვ. მინისტრის განცხადებით, ე.წ. გრძელვადიანი ვიზიტორები 14-დღიანი კარანტინს კომერციული ტარიფით საკუთარი ხარჯით გაივლიან, ასევე განიხილება 6 თვიანი სამოგზაურო დაზღვევის ქონაც.

ნათია თურნავას თქმით, პროექტის ფარგლებში შემუშავდა განაცხადების მიღების პლატფორმა, რომლითაც გრძელვადიანი პერიოდით საქართველოში ყოფნის მსურველებს შეეძლებათ, რომ ისარგებლონ. „ინიციატივა ხელს შეუწყობს საქართველოში უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ვიზიტორების შემოსვლას“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.