მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არ მინდა გამოვიყენო სიტყვა კაბალური, თუმცა მძიმე” - თურნავა Inter Rao-სთან არსებულ ხელშეკრულებაზე

61adfb896d2a4
შოთა ტყეშელაშვილი
06.12.21 16:52
917
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველომ 2007 და 2011 წლებში Inter Rao-სთან საკმაოდ მძიმე შინაარსის ხელშეკრულებები გააფორმა, რომელიც რუსული კომპანიისთვის საქართველოში 2025 წლის ჩათვლით ტარიფების გარანტირებას შეეხებოდა. სწორედ ეს ხელშეკრულებები გახდა საფუძველი, რის გამოც საქართველომ Inter Rao-სთან 4-წლიანი საარბიტრაჟო დავა წააგო. კომპანია სახელმწიფოსგან მიუღებელი შემოსავლის სახით $200 მილიონს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისთვის მიყენებული ზარალის ოდენობად $80.5 მილიონი დოლარი დაადგინა. სწორედ ეს თანხა უნდა გადაუხადოს საქართველომ რუსულ ენერგოკომპანიას კომპენსაციის სახით.

იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება სტოკჰოლმის სასამართლოში გაასაჩივრეს და მისი გაუქმებისთვის იბრძოლებენ.

ეკონომიკის მინისტრი კი ამბობს, რომ საქართველო მოიქცა სწორედ, როდესაც Inter Rao-ს მოთხოვნა არ გაითვალისწინა და “თელასის” აბონენტებს დენის ტარიფი არ გაუზარდა.

“წინა ხელისუფლების დროს, გაფორმდა საკმაოდ მძიმე ხელშეკრულება. არ მინდა გამოვიყენო სიტყვა კაბალური, მაგრამ საკმაოდ მძიმე შეთანხმება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან 2007 წელს, შემდეგ 2011-შიც გარკვეული ცვლილებები არის შეტანილი, რომლითაც 2025 წლამდე არის დადგენილი შემოსავლის გარკვეული მოცულობა, რომელიც მათ შორის “თელასმაც” უნდა მიიღოს ტარიფების მომატების გზით. 2014 წელს, ის ტარიფები რომლებიც დაადგინა სემეკმა ჩვენი აზრით იყო ობიექტური და გამჭვირვალე მეთოდოლოგიით შემუშავებული და იმაზე უფრო მაღალი ტარიფების დადგენა არ უნდა მომხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ Inter Rao ამას მოითხოვდა. შესაბამისად, ჩვენი მყარი პოზიცია ამ სასამართლოს დროს, რომელიც არაერთი წელი მიმდინარეობდა, ყოველთვის იყო, რომ ტარიფები არ უნდა გაზრდილიყო იმ ნაწილში, რა ნაწილსაც ითხოვდა Inter Rao. ჩვენ ყოველთვის ასეთ დროს ამოვდივართ მოსახლეობის და მომხმარებლების ინტერესებიდან, რადგანაც მათთვის ტარიფების ზრდა ძალიან სენსიტიური თემაა.

საბოლოო ჯამში არბიტრაჟმა ნაწილობრივ გაიზიარა მოთხოვნა. $200 მილიონზე მეტს ითხოვდნენ ისინი და ამ ეტაპზე $80 მილიონი არის დადასტურებული. როგორც არ უნდა დასრულდეს დავა, ეს არ აისახება ტარიფებზე"- აცხადებს თურნავა.

BMG-ის კითხვაზე, რა გააკეთა "ქართული ოცნების მთავრობამ" Inter Rao-სთან ხელშეკრულების შესაცვლელად, მინისტრი საპასუხოდ განმარტავს:

"ჩვენი პოლიტიკური გუნდის შედეგი იყო ის, რომ არ მოხდა ტარიფების ზრდა მიუხედავად იმისა, რომ Inter Rao ამას ითხოვდა. იმის მიუხედავად თუ რა მძიმე ხელშეკრულება დაგვხვდა, ტარიფების ზრდა არ მომხდარა".

Inter Rao ფლობს თბილისის ენერგომომარაგებაზე პასუხისმგებელი კომპანიის, “თელასის” აქციათა 75%-ს. ამას გარდა, რუსულ ენერგოგიგანტს ჰოლანდიაში დაფუძნებული კომპანია Gardabani Holdings B.V.-ის მეშვეობით ეკუთვნის საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, "ხრამჰესი 1" და "ხრამჰესი 2". ხოლო 2016 წლის დეკემბრამდე, მის საკუთრებაში იყო გარდაბნის ძველი თბოსადგურიც.

საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებობს ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმება, რომელიც იცავს უცხოელი ინვესტორის ინტერესებს საქართველოში. Gardabani Holdings B.V. და Inter Rao-ს საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ჰოლანდიური ფირმა Silk Road Holdings B.V. საარბიტრაჟო პროცესში საკუთარი საინვესტიციო უფლებების დაცვისთვის სწორედ აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დაცვას ითხოვდნენ. ამასთანავე, ინვესტორის უფლებების დაცვის შესახებ ჩანაწერებს ითვალისწინებს ხელშეკრულებაც, რომელიც საქართველომ Inter Rao-ს ჰოლანდიურ შვილობილებთან აქტივების მიყიდვის დროს გააფორმა.

როგორც თავად “თელასის” 2012 წლის მმართველობითი ანგარიშიდან ირკვევა, რომ Inter Rao-სა და საქართველოს მთავრობას შორის 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა მემორანდუმი, სადაც საქართველოს მთავრობა კომპანიას აძლევდა გარანტიას, რომ 15 წლის განმავლობაში ქვეყანაში დენის ტარიფი შემცირებისკენ არ გადაიხედებოდა.