მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ მინდა, ინვესტორთა საბჭოზე მანიკიურ-პედიკიურის დონის საკითხები განიხილებოდეს - ფადი ასლი

62a2f534bea8a
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.22 12:10
1300
საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლიმ BMG-ისთან ინვესტორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ ისაუბრა. ICC-იმ 7 ივნისს უარი თქვა ინვესტსორთა საბჭოს სხდომაში მონაწილეობაზე, რაც ამავე დღეს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საბჭოს მიერ ICC-ის მიერ დასმული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას უკავშირდებოდა. საქმე უცხოელი ინვესტორებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებას შეეხება. ფადი ასლის განცხადებით, ICC ამ პრობლემის შესახებ წლებია საუბრობს, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ მომხდარა.

“ჩვენ ვითხოვეთ, რომ დღის წესრიგს დამატებოდა რეალური პრობლემა, რომელსაც ინვესტორები გამუდმებით აწყდებიან ჩვენს ქვეყანაში – ეს ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებული პრობლემებია: მაგალითად, შესაძლოა, ინვესტორმა უკვე დააბანდა კანონით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ ამის მიუხედავად, მასზე ბინადრობის უფლება მაინც არ გაიცემა ან ზოგჯერ – პირიქით, ბინადრობის უფლების ჩამორთმევაც კი ხდება.

ეს ახალი პრობლემა არ არის, წლების განმავლობაში, ინვესტორები ამ პრობლემას აწყდებიან. ჩვენ ვითხოვეთ, ინვესტორთა საბჭოს განეხილა ეს საკითხი. საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებაც გვქონდა და ისინი დაგვთანხმდნენ, რომ პრემიერთან ერთად ეს განხილვა შედგებოდა. სამდივნოდან დაურეკეს საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალურ მდივანს და უთხრეს, რომ ალბათ მეტი ინფორმაციის მოგროვებაა აუცილებელი ამ მიმართულებით და შემდეგ უკვე მზად იქნებიან დისკუსიისთვის. თუმცა ეს ტყუილია, რადგან ინფორმაცია ისედაც ხელმისაწვდომია, ვიცით, რაც ხდება – საბჭო უბრალოდ არ იყო მზად ამ დისკუსიისთვის. ამ საკითხზე დისკუსიის გადადება არ არის პირველი შემთხვევა.

გიორგი გახარიას პრემიერმინისტრობის დროსაც ვითხოვეთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დამდგარიყო. იგივე ვითხოვეთ მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროსაც. დღის წესრიგიდან ეს თემა სულ იშლებოდა. როგორც ჩანს, არ სურთ ამ თემის განხილვა. მე კი, სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მინდა ინვესტორთა საბჭოს, ზედაპირული – მანიკიურ–პედიკიურის დონის საკითხების განსახილველად ვესწრებოდე. ჩვენ უნდა ვიკრიბებოდეთ, რეალურ პრობლემებზე სამსჯელოდ, რაც რეალურად აწუხებთ ინვესტორებს და ზიანს აყენებს საინვესტიციო კლიმატს და თუ ყველაზე მძიმე პრობლემებით არ ინტერესდება მთავრობა, მაშინ, ჩვენ არ გვჭირდება ამ საბჭოზე დასწრება.

საბჭოს მანდატი სრულიად გასაგებია. ყურადღება მახვილდება საინვესტიციო კლიმატისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ინვესტორთა საბჭო იმისთვისაა, რომ იხილავდეს იმ საკითხებს, რასაც გავლენა აქვს საინვესტიციო გარემოზე – იქნება ეს სტრატეგიული თემები, საკანონმდებლო, თუ სრულიად კონკრეტული. ძალიან კარგი შეხვედრები გვქონდა ხოლმე გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს. მას შემდეგ, ინვესტორთა საბჭო ბიუროკრატიულ მექანიზმად იქცა – ეკონომიკის სამინისტროს დეპარტამენტად. ჩვენი მოლოდინი არ არის, რომ მხოლოდ მინისტრებს შევხვდეთ, ხელი ჩამოვართვათ და ძვირადღირებული ჰალსტუხებით და პიჯაკებით თავი მოვიწონოთ, ჩვენ იმიტომ უნდა ვიკრიბებოდეთ, რომ გადავჭრათ პრობლემები, რასაც ქვეყნის განვითარებაზე გავლენა აქვს და მჯერა, რომ ბინადრობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხები უკიდურესად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის უკიდურესად აზიანებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას უცხოელი ინვესტორების თვალში – აღარავის სურს, საქართველოსთან საქმის დაჭერა. საქართველო აღქმულია, როგორც ინვესტიციებისთვის არასანდო გარემო,”- აცხადებს ფადი ასლი.

ინვესტორთა საბჭო საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის სივრცეს წარმოადგენს. ის 2015 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პირველი ვადის დროს დაფუძნდა. მისი პირველი სხდომა 2015 წლის 29 ოქტომბერს გაიმართა. საბჭოს სხდომებს ესწრებიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, საქართველოში მოქმედი ბიზნესასოციაციების და მთავრობის წევრები. სხდომას პრემიერი ხელმძღვანელობს.

ორგანიზაცია შედარებით აქტიური გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის დროს იყო, როდესაც წლიურად 4 შეხვედრა იმართებოდა, თუმცა მას შემდეგ შეხვედრების სიხშირე წელიწადში ორამდე შემცირდა.

უკანასკნელი შეხვედრა სწორედ 7 ივნისს გაიმართა. საბჭოს შეხვედრის სხდომის ოქმი ჯერ არ გამოქვეყნებულა, შესაბამისად უცნობია საკითხების ზუსტი სია, რის შესახებაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს.