მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ მინდა პრეზიდენტის ინსტიტუტი ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგედ იქცეს“ - მაკა ბოჭორიშვილი

64709507c374b
ელენე გოგბერაშვილი
26.05.23 15:22
602
„არ მაქვს სურვილი ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს ქვეყნის ინტერესების მოწინააღმდეგე ინსტიტუტად“, - ეს განცხადება პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა 26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის გზავნილების შეფასებისას გააკეთა.

უმრავლესობის წევრი სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია ქვეყნის მხოლოდ არჩევანი არ არის.

“პატივს ვცემ ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტს, თუმცა მის გზავნილებს დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ვერც გავიზიარებ, ვერც დავეთანხმები, გამომდინარე იქიდან, რომ არ მაქვს სურვილი ამ ქვეყანაში პრეზიდენტის ინსტიტუტი იქცეს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ინსტიტუტად.

ევროკავშირში ინტეგრაცია და ევროპა ქვეყნის არჩევანი კი არ არის მხოლოდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაა, ჩვენი ქვეყნის კულტურა და იდენტობაა. ეს არ არის ის, რაც ავირჩიეთ, ეს არის ის, რაც ჩვენ ვართ“,-განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენმა 26 მაისის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გაუგებარი გახდა საქართველოს საგარეო პოლიტიკა, მაშინ როცა კონსტიტუციაში ევროპაა ჩაწერილი.

„ყოველდღიური განცხადებები და ქმედებები კი ევროპისგან გვაშორებს და იზოლაციისკენმივყავართ. ისმის კითხვა: სად გაქრა სიტყვები, „ევროპა ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია“?“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და მთავრობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ დამოკიდებულების და რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლების გამო გააკრიტიკა.

„ჩვენ ვექიშპებით და ვლანძღავთ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს. ქვეყნებს, რომლებმაც 30 წლის მანძილზე დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, დაგვეხმარნენ სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩამოყალიბებაში. სამაგიეროდ კი მათ, ვინც ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციას ახდენს დღემდე, ვეგებებით და ვუფრთხილდებით...

გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს„ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?!”,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.