მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება - შოთა არველაძე

6405ac2c3ee5b
ინგა მურუსიძე
06.03.23 13:13
1107
არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება, - ასე ეხმაურება შოთა არველაძე „გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტს და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. არველაძის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს. დამოუკიდებლობის დღიდან, ავად თუ კარგად, შევძელით და უკეთესი ქვეყანა გავხდით, მაგრამ ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე, პრობლემები ძალით არ უნდა შევქმნათ. დაუშვებელია ჩვენი არჩევანისთვის კითხვის ნიშნის დასმა, დაუშვებელია მისი გადახედვა. ჩვენ არ შევდივართ არანაირ ევროპაში, ჩვენ მისი ნაწილი ვართ.

თითქმის საუკუნის წინ, საბჭოთა კავშირმა აგენტებად და ჯაშუშებად მიიჩნია სანდრო ახმეტელი, მიხეილ ჯავახიშვილი და არაერთი დიდი ქართველი, რომელთა სწორ და პატრიოტულ საქმიანობას, ისტორიამ საბოლოოდ ზუსტი შეფასება მისცა. არ შეიძლება კანონი ან მმართველობა ფლობდეს ბერკეტს, რომლითაც განსხვავებული აზრის ან საქმიანობის გამო, ადამიანს აგენტად შერაცხავს, ეს წარსულში დავტოვეთ. ეს მიმართულია კონკურენციის, განსხვავებული აზრის და თავისუფლების შეზღუდვისკენ. ამ ბერკეტის ფლობა ნიშნავს ცენზურას, კონტროლს და მეტ დაკომპლექსებულ ადამიანს - არავის უნდა აგენტის იარლიყის ტარება. ასე არ უნდოდა პაოლო იაშვილსაც, რომელიც რეპრესიების მსხვერპლი გახდა და საბჭოთა სისტემამ სიკვდილის შემდეგაც კი გაასამართლა.

რამდენიმე დღეა ვუსმენ ფერმერებს, მთაში მცხოვრებ ადამიანებს, მეწარმეებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს, სტუდენტებს, მწერლებს, არტისტებს, აკადემიკოსებს, გამოცდილ დიპლომატებს - არ შეიძლება, მათი მკაფიო პოზიცია გაზიარებული არ იყოს, არ შეიძლება ამდენ გონიერ ადამიანს ეჩვენებოდეს, რომ რაღაც არასწორად კეთდება. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან. რაც მათ და ჩვენ მომავალს საფრთხეს უქმნის და შეუქმნის, ყველაფერი არასწორი მიმართულებით სიარულს ემსახურება“, - წერს არველაძე.

ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" პარტნიორმა გაერთიანებამ "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

კანონპროექტს აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კრიტიკა მოჰყვა. ამის შემდეგ "ხალხის ძალამ" გადაწყვეტილება მიიღო, რომ წარადგინოს ალტერნატიული კანონპროექტი "უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ", რომელიც მათივე განცხადებით, ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი და თარგმანია.

კანონპროექტის ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პირველი მოსმენით მხარს როგორც ქართულ, ისე ამერიკულ ვერსიას დაუჭერს. მისივე თქმით, ამის შემდეგ დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნება და პარლამენტი კომისიის შენიშვნებს გაითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტები უკვე განიხილეს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე და პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე მხარიც დაუჭირეს. დღეს კანონპროექტების განხილვა იურიდიულ კომიტეტში მიმდინარეობს.