04.მაისი .2020 23:10

არ შეიძლება კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვა - მირცხულავა ჰესების რეგულაციაზე

views 491
უკან

ენერგეტიკოსის დავით მირცხულავას შეფასებით, ჰესების გარკვეული ნაწილისთვის ელექტროენერგიის გამომუშავების შეზღუდვა საბაზრო კონკურენციის პირობების დარღვევაა. როგორც მირცხულავა BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, მსგავსი გადაწყვეტილებები საინვესტიციო გარემოს არაპროგნოზირებადს ხდის.

"არ შეიძლება კონკურენციის ხელოვნურად შეზღუდვა. ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ პირდაპირ მომხმარებლებს ვერ მიეწოდოთ შედარებით დაბალ ფასში ელექტროენერგია.

იცით, რომ საინვესტიციო გარემო ისედაც გართულებულია, რადგან დეველოპერებს არ ეძლევათ გრძელვადიანი შესყიდვის ხელშეკრულებები, რაც ბანკებისთვის გარკვეული რისკი იყო. ახლა თუ ის დაემატება, რომ მცირე ჰესებს არ ექნებათ ბაზარზე ელექტროენერგიის თავისუფლად გაყიდვის საშუალება, ესაც ძალიან დიდ გავლენას იქონიებს საინვესტიციო კლიმატზე და ძალიან ჩაფიქრდება ინვესტორი, შემოვიდეს, თუ არა ამ ბიზნესში, რაც მე მიმაჩნია, რომ სწორი არ არის და პერსპექტივაში, პოსტკრიზისულ პერიოდში, სწორედ განახლებადი ენერგიების ათვისებაში იქნება კონკურენცია, თუმცა, ასეთი ხელოვნური ჩარევა ამ კლიმატს ყოველთვის აფუჭებს და ეს ნიშნავს ინვესტიციების დაკარგვას ამ ბიზნესში.

თუ რეალური ჩარევა მოხდა ბაზრის კონკურენციაში და მათი შემოსავლების ხელოვნურად შემცირება ზაფხულის თვეებში, ეს ამ მცირე ჰესების ლიკვიდურობაზე იმოქმედებს და ბანკები კიდევ უფრო მეტს იფიქრებენ, მოახდინონ თუ არა ინვესტირება, დაფინანსება ასეთი პროექტების, რაც ძალიან ცუდია", - განაცხადა მირცხულავამ.

მისივე აზრით, სსე-ის გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია.

"თუ ენერგოსექტორში გარკვეული ფორსმაჟორია და აშკარად არის, ეს ყველამ შეიძლება გააცნობიეროს. ფორსმაჟორის გათვალისწინება ბაზრის ყველა მონაწილის მიერ უნდა მოხდეს. არ შეიძლება ყველაზე დაუცველ ნაწილზე - მცირე ჰესებზე გადატყდეს ყველაფერი", - აღნიშნა მან.