მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არ შეიძლება სირაქლემას პოზაში ყოფნა“ - ეკონომისტი მესტიის ენერგეტიკულ პრობლემაზე

600d2136851d2
თელარა გელანტია
24.01.21 15:44
942
„არ შეიძლება სირაქლემას პოზაში ყოფნა“, - ეს განცხადება ეკონომისტმა არჩილ მამათელაშვილმა bm.ge-ისთან ინტერვიუში იმ საკითხის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც 90–იანი წლებიდან მოყოლებული მესტიის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის გადასახადის არგადახდას შეეხება, რამაც რეგიონში კრიპტოვალუტის მომპოვებლებს უბიძგა, რომ მაინინგი სწორედ სვანეთში დაეწყოთ.

ბოლო 1 წლის განმავლობაში “ენერგო პროჯორჯიამ” არაერთი განცხდება გაავრცელა, რომლითაც პრობლემის საქმის კურსში მთავრობის ჩაყენებას შეეცადა. კომპანია აცხადებს, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგომარეობის დასტაბილურება და მნიშვნელოვნად გამოსწორება მთელი რაიონის მასშტაბით, ასევე როგორ უნდა მივაღწიოთ იმ შედეგს, რომელიც სხვა ყველა მომსახურების ცენტრში, უკვე მრავალი წელია მიღწეულია.

„კომპლექსური ქმედებების კვლავ გადავადება გარანტირებულად გამოიწვევს მძიმე შედეგებს, რაზედაც ენერგო-პრო ჯორჯია იხსნის პასუხისმგებლობას”, – ნათქვამია „ენერგოპროს“ ერთ-ერთ განცხადებაში.

„ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას“, - ამბობს თემაზე საუბრისას არჩილ მამათელშვილი. პრობლემის გადასაჭრელად ის მთავრობას რამდენიმე გზას სთავაზობს.

„არ შეიძლება სირაქლემას პოზაში ყოფნა. მთავრობამ გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს. შეიძლება, მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ნაწილს დაურიგოს ელექტროენერგიის ვაუჩერი, ან გაუწიოს პირდაპირი ფინანსური დახმარება, რომ მათ არ მოუწიოს გადახდა ან შეიძლება, გარკვეული რაოდენობის ელექტროენერგია თითოეული ოჯახისთვის იყოს უფასო, შემდეგ კი - ფასიანი. ვფიქრობ, ეს უფრო სამართლიანი მიდგომაა. ერთი რამ ფაქტია, ასე გაგრძელება არ შეიძლება და ერთ დღესაც ეს ყველაფერი ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხზე აისხება. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზარალდება ენერგოგამანაწილებელი კომპანიაც, რომელიც ფაქტობრივად, ვერ იღებს შემოსავალს, მაგრამ ისე ეთვლება, თითქოს იღებს, შესაბამისად, იბეგრება კიდეც და როცა ტარიფის გაანგარიშება ხდება, მაშინაც უთვლიან. ეს ყველაფერი აზარალებს ინვესტორს“, - განაცხადა არჩილ მამათელაშვილმა.