მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ეს ჩვენი ფულია და ზედმეტი ტაშის კვრა საჭირო არ არის - ბედინეიშვილი

64577f11151f9
სალომე ხიდურელი
07.05.23 15:35
1466
„რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, ამას ჰქვია „პური და სანახაობა“ – ასე აფასებს „ბლექ სი არენაზე“ კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კონცერტებს ეკონომისტი გიგა ბედინეიშვილი.

„ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებს, რომ კონცერტები ჩვენი ფულით ფინანსდება. ამას კარგად იყენებს ძალაუფლების მქონე მმართველი პარტია, მაგრამ არც ერთ მთავრობას არ დაუკლია იგივე პრინციპით მუშაობა. ეს არის სანახაობის ნაწილი და მხოლოდ ამ კონკრეტულ სიტუაციას არ ეხება.

ძალიან ხშირად ტაშს ვუკრავთ და გულებს ვუგზავნით ბიუროკრატს, რომელიც ჩვენგან წაღებულ ფულს ხარჯავს თუნდაც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეში. რა თქმა უნდა, ეს ჯობია იმას, რომ ფული მოიპაროს, თუმცა კარგი მიზნებით დახარჯულ ფულზეც არ უნდა გვავიწყდებოდეს, რომ ეს ჩვენი ფულია და ზედმეტი ტაშის კვრა საჭირო არ არის“, - ამბობს ბედინეიშვილი.

მისი განმარტებით, კონცერტების დაფინანსება კომერციული საქმიანობაა, რაზეც ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა აბსურდია.

„ამ კონკრეტულ შემთხვევას გამართლება არ აქვს. ეს არის აბსოლუტურად კომერციული საქმიანობა, რომელსაც მთავრობა უნდა ერიდებოდეს. კულტურის დაფინანსება სადებატო საქმეა. მე არ ვარ იმის მომხრე რომ საერთოდ არ დაფინანსდეს კულტურა, ძველი „კონტენტი“ რაც გვაქვს, ისტორიული მნიშვნელობის, იმას უნდა მივხედოთ. ახალი „კონტენტის“ შექმნაში ფულის ჩადება მთავრობისგან - აბსურდია“ , - აღნიშნავს ბედინეიშვილი.

კითხვაზე რა ალტერნატივა აქვს საქართველოს ასეთი მასშტაბური ღონისძიებები გამართოს მაშინ, როცა კერძო სექტორი ამის ორგანიზებას ვერ ახერხებს, ეკონომისტი განმარტავს, რომ გამოსავალი მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაშია.

„ღარიბი ქვეყანა ვართ, სადაც შეიძლება, ზოგიერთი რაღაც ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იყოს, სანამ არ გავმდიდრდებით. ეს მხოლოდ პოპულარულ მუსიკას არ ეხება. ბევრი რამ არის, რაზეც საშუალო სტატისტიკურ ქართველს ხელი არ მიუწვდება, იმიტომ რომ ღარიბი ქვეყანა ვართ. გამოსავალი ისაა, რომ ხალხს ფული წავართვათ და იქნებ ცოტა ხნით ნირვანაში ვამყოფოთ ადამიანები?! ერთადერთი სწორი გამოსავალი ისაა, რომ ვიმუშაოთ, გავზარდოთ ეკონომიკა და რაც შეიძლება მალე გავმდიდრდეთ“, - აცხადებს ეკონომისტი.

კამპანია Starring Georgia-ს ფარგლებში, საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე ქვეყნის ბიუჯეტიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს.