მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვაჩერებთ პროექტებს, სადამდეც გავქაჩავთ და გვექნება ფინანსები, გავაკეთებთ - GDG GROUP

5e819d45d48a8
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.20 14:08
1682
"GDG ჯგუფის" ხემლძღვანელი ბეჟან წაქაძე BM.GE-ისთან კორონავირუსის გამო შექმნილ ახალ დღის წესრიგზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მის მრავალპროფილურ ბიზნეს საქმიანობაზე შექმნილმა მდგომარეობამ გარკვეული გავლენა უკვე იქონია, თუმცა კომპანია დეველოპერული საქმიანობის შეჩერებას, ჯერჯერობით, არ გეგმავს.

როგორც ბიზნესმენი ამბობს, 2020-2021 წლების განმავლობაში მას 5 სასტუმროს გახსნა ჰქონდა დაგეგმილი და თითოეული პროექტი აქტიურად ხორციელდებოდა, მათი ჯამური ღირებულება კი, 25-27 მლნ ლარს შეადგენდა. მისი თქმით, სასტუმრობის მშენებლობა გარკვეულ ეტაპამდე გაგრძელდება.

„სამშენებლო მიმართულებას ახლა არანაირი პრობლემა არ აქვს. მშენებლობა მიმდინარეობს; დაბრკოლებები, ფაქტობრივად, არ გვხვდება. ონლაინ ვაკეთებთ შეკვეთებს და დაუბრკოლებლად მოდის. ასევე, რაც შეეხება მასალების მიღებას სუპერმარკეტებიდან, შეფერხება არ არის. რა იქნება შემდეგ, როგორ მოახდენს შექმნილი სიტუაცია გავლენას ფასებზე, ფასწარმოქნაზე და შემდგომ გაგრძელებაზე, ეს ძალიან რთულად პროგნოზირებადია.

ჩვენ ერთი სასტუმრო „ბროსე გალერი“ თბილისში დეკემბერში გავხსენით, იფუნქციონირა 2 თვე და ახლა დაიკეტა; მეორე სასტუმრო ახლა, აპრილის 20-თვის უნდა გაგვეხსნა, მშენებლობა დასრულებულია და ველოდებით, რომ ავეჯი ჩამოგვივიდეს და კეთლმოვაწყოთ ინტერიერი, თუმცა როდის გავხსნით, არ ვიცით, იმიტომ რომ ის სასტუმროც დავკეტეთ, რაც დეკემბერში გავხსენით. მეორე სასტუმრო თბილისში, უკლებას ქუჩაზე უნდა გახსნილიყო „ძველი სახლის“ სახელწოდებით, მაგრამ ახლა ამ მდგომარეობის გამო მის გახნას აზრი არ აქვს; აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობა სრულდება და უნდა გადავსულიყავით რემონტის სამუშაოებზე, თუმცა ამას შევაჩერებთ; ასევე შევაჩერეთ სასტუმროს მშენებლობა თბილისში, ყიფიანის ქუჩაზე - დავასრულეთ ფასადების მოწყობა და გავჩერდით. ამ ორ სასტუმროში შიდა სამუშაობი არ გაგრძელდება, სანამ ყველაფერი არ გადაივლის.

რაც შეეხება ვანში მშენებარე სასტუმროს, იქ მშენებლობის სამუშაოები დავასრულეთ და ახლა მიმდინარეობს სარემონტო სამუშაობი.

ამ სასტუმროების პროექტების ღირებულება ჯამში 25-27 მლნ ლარი იყო და საკმაოდ დიდი თანხა - 17 მლნ უკვე ჩადებული გვაქვს. ძალიან დიდ ზარალს ვნახავთ, სანამ ეს ყველაფერი არ დამთავრდება“, - აცხადებს ბეჟან წაქაძე.

GDG ჯგუფის ხელმძღვანელმა ჯანდაცვისა და ღვინის სექტორში არსებულ ბიზნესებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბიზნესი გაჩერებულია.

„ჩემი კომპანია კიდევ ფლობს კლინიკებს, გვაქვს სარეაბილიტაციო ცენტრი და გამაჯანსაღებელი კლინიკა ვაჟა-ფშაველაზე, ისიც დაკეტეს, რადგან არ შეიძლება ახლა ამ ბიზნესის წარმოება. ერთი კლინიკის მენეჯმენტს ტატიშვილები ახორციელებდნენ და გავჩერდით. მეორე კლინიკა არის მარიჯანზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, მზადაა და სახელმწიფოს ინფიცირებულთა მისაღებად გადაეცემა.

ამასთან, ვანის ღვინის ქარხანაში, რემონტი მიმდინარეობდა და არ გაგვიჩერებია. მე მინდოდა გარემონტება და შემდეგ წარმოების გადაიარაღება და პროდუქციის წარმოება, მაგრამ ეს უკვე დამოკიდებული იქნება ქვეყანაში არსებულ მდგომაროებაზე“, - განაცხადა ბიზნესმენმა.

ბეჟან წაქაძე თვლის, რომ ამ პერიოდში საქმიანობის გაგრძელება, პოსტვირუსულ პერიოდში ბიზნესის უფრო მარტივად რეგენერაციის საშუალებას მისცემს, ამიტომაც არ აჩერებს სამშნებელო სამუშაობს.

„არ ვაჩერებთ ჩვენ პროექტებს მხოლოდ იმიტომ, რომ გარკვეულ კონდიციამდე მივიყვანოთ ეს პროექტები, რომ ვირუსის გადავლის შემდეგ მზად გვქონდეს ისინი. სადამდეც გავქაჩავთ და გვექნება ფინანსები, მანამდე გავაკეთებთ. ყველაფერი უნდა მოვიძიო იმისთვის, რომ დაწყებული დავასრულო, რომ კონსერვაცია მაინც შემეძლოს. ჩვენი კომპანია კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე უკვე მუშაობს", - ამბობს GDG ჯგუფის ხელმძღვანელი.