მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვარ დარწმუნებული, რომ ექიმებს გენერიკების გამოწერის საკმარისი ცოდნა აქვთ - გამყრელიძე

62343c328a010
ელენე გოგბერაშვილი
18.03.22 14:00
5114
ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აპრილიდან ექიმი პაციენტს მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტს გამოუწერს. ეს იმას ნიშნავს, რომ რეცეპტში კონკრეტული ბრენდი მითითებული არ იქნება და პაციენტმა სურვილის მიხედვით უნდა გადაწყვიტოს, რომელ და ვის წარმოებულ ბრენდული დასახელების მედიკამენტს შეიძენს.

გენერიკულ სისტემაზე გადასვლით სახელმწიფო იმ არაეთიკური მარეკეტინგის პრაქტიკის აღმოფხვრას ცდილობს, როცა ექიმი პირადი დაინტერესების სანაცვლოდ პაციენტს კონკრეტული ბრენდის მედიკამენტს უწერდა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელის შეფასებით, დაანონსებული ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა ნიკოლოზ გამყრელიძე ეჭვობს, ამან პრაქტიკაში არ იმუშაოს. ის არც იმაშია დარწმუნებული, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ცვლილებებისთვის მზად არის.

"ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ მთავარია ამან იმუშაოს პრაქტიკაში და რაც მთავარია, პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამაზე ფუნქციონალურად გადაერთოს. აქ არის რისკები, რომ ამან პრაქტიკაში იმუშაოს. ერთი მხარეა, რომ ჩვენ შეიძლება ფარმაცევტულ კომპანიებს მოვთხოვოთ, რომ შენ არ მიიღო რეცეპტის გარეშე პაციენტი, მომხმარებელი რეცეპტულ მედიკამენტზე; მეორე მხარეა, ეს რეცეპტი ვინმემ გამოწეროს, ელექტრონულად. ჩვენი კომპანიის კლინიკების ნაწილი ამას 2016 წლიდან აკეთებს და გამჯდარი გვაქვს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ მთელს ბაზარზე ასეა და სხვადასხვა პირველადი ჯანდაცვის ექიმები ამას ელექტრონულად აკეთებენ ან საკმარისი პრაქტიკა აქვს, რომ ელექტრონულად გამოწერონ, საკმარისი ინფრასტრუქტურა და ცოდნა აქვთ, რომ გენერიკები გამოწერონ.

დღეს ექიმების მხარეზეა ცოდნა კონკრეტულ მედიკამენტის ბრენდულ დასახელებაზე. ასევე გვხვდება არასწორი მოტივაცია. უნდა იყოს საკმარისი ცოდნა გენერიკულ დასახელებებზე, იქ არის კომბინირებული მედიკამენტებიც და საჭიროა ცოდნა, გენერიკულად როგორ გამოწერონ. არ ვარ დარწმუნებული, რომ აპრილისთვის ეს მზაობა იქნება და ამან შეიძლება რაღაც დონეზე შეაფერხოს ეს პროცესი, თუმცა ვთვლი, რომ გასაკეთებელია.

თუ ეს პრაქტიკაში იმუშავებს, ამას ექნება შემაკავებელი, არასრულყოფილი, მაგრამ შემაკავებელი ეფექტი არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნაში ისიც წერია, რომ უნდა გამკაცრდეს ექიმების მიმართ არაკეთილსინდისიერი კუთხით კონტროლი, ასევე უნდა გამკაცრდეს იმ კომპანიების მიმართაც, ვინც ამას აკეთებს. თუ სრულყოფილად გვინდა იმუშაოს სისტემამ, აქ რამდენიმე რგოლია, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ. მთავარია, სინქრონულად მოხდეს სააფთიაქო ქსელების და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩართვა. თუ სააფთიაქო ბიზნესს მოვთხოვთ ელექტრონული რეცეპტის გარეშე არ გასცენ მედიკამენტი, ელექტრონული რეცეპტი სადღაც ხომ უნდა გამოიწეროს?!“ - აცხადებს ნიკოლოზ გამყრელიძე.

აღსანიშნავია, რომ გენერიკულ დანიშნულებაზე გადასვლა ელექტრონული რეცეპტების სისტემის ამოქმედებასთან ერთად კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის რეკომენდაციის ნაწილია. იმისთვის, რომ ეს რეკომენდაციები აღსრულდეს, ჯანდაცვის სამინისტროში საკონსულტაციო ჯგუფიც შეიქმნა.

როგოც სამინისტროში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს წევრები ამბობენ, ჯერ სამინისტროს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს, რომელი მედიკამენტების ჯგუფზე შეიძლება გავრცელდეს გენერიკული ელექტრონული რეცეპტების სისტემა, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ ის პირველ ეტაპზე იმ ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს შეეხოს, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს.