მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვართ იმ პოზიციაში, რომ DRG-ის თემაზე კლინიკების აზრი არ გავითვალისწინოთ - მინისტრი

6341b3669c899
თამთა ჯიჯავაძე
08.10.22 21:46
480
არ ვართ იმ პოზიციაში, რომ პრინციპულად მოვიქცეთ და სამედიცინო სექტორის აზრი არ გავითვალისწინოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში DRG-სისტემის ამოქმედების გადავადების შესახებ საუბრისას განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მინისტრმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების ახალი, DRG სისტემის ამოქმედების გადადებასთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს განაცხადა და გადაწყვეტილება ჯანდაცვის ასოციაციის მიმართვით ახსნა. მოგვიანებით მინისტრის საპასუხოდ, განცხადება გაავრცელა თავად ასოციაციამ, რომელშიც ორგანიზაცია განმარტავდა, რომ მათ DRG სისტემის ამოქმედების გადავადება არ მოუთხოვიათ.

თავის მხრივ მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა აღნიშნულის შესახებ და დასძინა, რომ კლინიკებმა იცოდნენ, რომ სისტემის გაშვების თარიღი 3 ოქტომბერი იყო, თუმცა, რამდენიმე დღით ადრე მისწერეს სამინისტროს "გადავადების თხოვნით".

„არ ვართ იმ პოზიციაში, რომ პრინციპულად მოვიქცეთ და მათი აზრი არ გავითვალისწინოთ. წერილში არის ჩამოთვლილი ის პრობლემები, რაც არ არის ისეთი პრობლემატური, რომ ამ სისტემას ხელს უშლიდეს. ზუსტად იგივე პროგრამულ უზრუნველყოფას და ინტერფეისს იყენებენ, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის კუთხით. უბრალოდ დათვლის სისტემა იქნება განსხვავებული“, - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ სისტემასთან დაკავშირებით "მათ დამატებით ინფორმაციას მივაწვდით, ფორუმის მსგავსსაც გავაკეთებთ, რათა არ დარჩეს რაიმე ღია კითხვა".

ცნობისთვის, DRG-სისტემა დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. DRG სამართლიანი დაფინანსების ერთ-ერთ მეთოდად ითვლება. ამ მოდელზე გადასვლას ჯანდაცვის სამინისტრო წლებია გეგმავს.