მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არ ვისურვებდი იმის გამეორებას, რაც გადავიტანეთ - ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელი

60797a07b99f0
ინგა მურუსიძე
17.04.21 00:10
637
რაღაცით მოვმჯობინდით, გამოცდილება შევიძინეთ, უფრო მყარად ვდგავართ, მაგრამ არავის ვუსურვებდი იმის გამეორებას, რაც სექტემბერ-იანვარში გადავიტანეთ, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ხურციძემ განაცხადა.

ის უერთდება Forbes Health-ის კამპანიას ვაქცინაციის შესახებ და აცხადებს, რომ ქვეყანამ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა და ამის გამეორებას არ ისურვებდა.

„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ. საკმაოდ მაღალი მომართვიანობა იყო, ბევრი მძიმე პაციენტი გვყავდა, რესურსებიც მწირი იყო, სამწუხაროდ არც გამოცდილება გვქონდა ერთდროულად ამხელა მასის მართვის, არც კლინიკური რესურსი, რადგან ეს პანდემიაა და ამ ვირუსის პანდემია მსოფლიოში პირველად მოხდა. ახლა რაღაცით მოვმჯობინდით, გამოცდილება შევიძინეთ, უფრო მყარად ვდგავართ, მაგრამ არავის ვუსურვებდი იმის გამეორებას, რაც სექტემბერ-იანვარში გადავიტანეთ.

თუ არ იქნება იმუნიზაცია, შევალთ ახალ ტალღაში, რომელიც იქოქება და იმატებს. იქნება მაღალი მიმართვიანობა საავადმყოფოებში, გადატვირთული სამედიცინო სისტემა, გაჩერებული ეკონომიკა. მე პირველივე დღეს ავიცერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით და იმედი მაქვს, ვაქცინაცია პოპულარული გახდება მოსახლეობაში, რადგან ეს ერთადერთი გზაა, რომ დროზე დავაღწიოთ თავი პანდემიას და დროულად გაიხსნას ქვეყანა“, - განაცხადა გრიგოლ ხურციძემ.

ცნობისთვის, BMG-ისა და ForbesHealth-ის მიერ ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დაწყებული კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები საზოგადოებას ვაქცინაციის აუცილებლობაზე უყვებიან. როგორც Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი და BMG-ის დამფუძნებელი გიორგი ისაკაძე აცხადებს, ვაქცინაციის გარეშე ვერც ადამიანების სიცოცხლეს გადავარჩენთ და ვერც - ქვეყნის ეკონომიკას.