მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არაა გამორიცხული NFT ბოტასი იყოს პირამიდა, მაგრამ მინიმუმ რამდენიმე თვე თამაში იქნება მდგრადი” - Chapter 25

627263738504f
მარიამ ადამია
04.05.22 23:45
2842
მიმდინარე წლის მარტიდან მოყოლებული, ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტებისა და ტოკენების მოყვარულთა საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს ციფრულ ბოტასებს, რომელთა მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ სუფთა ჰაერზე სეირნობით, ძუნძულითა და სირბილით, საკმაოდ სოლიდური თანხა გამოიმუშაონ. თუმცა ერთი ნაწილი მას ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის საშუალებად მიიჩნევს, ხოლო მეორე ნაწილი ამბობს, რომ NFT ბოტასი, იგივე StepN ფინანსური პირამიდის მორიგი სახეობაა.

რამდენად სანდოა ციფრული ბოტასი და რა უნდა ვიცოდეთ მასზე, სანამ ინვესტირებას დავიწყებთ? - BMG-იმ ეს კითხვა Web3 აქსელერატორისა და კრეატიული სააგენტო Chapter 25-ის მთავარი პროდუქტების მენეჯერს, ნიკოლოზ გელაშვილს დაუსვა, რომელიც ამბობს, რომ მსგავსი თამაშები, NFT სივრცეში ბევრია, მათგან ნაწილი პირამიდაც ყოფილა, თუმცა StepN განსხვავებულია, რადგან ინტეგრაცია რეალურ ცხოვრებაში ხდება და მომხმარებელს სირბილის ან სიარულის დროს, ფულის გამომუშავების რეალურ შესაძლებლობას აძლევს.

“არაა გამორიცხული StepN იყოს პირამიდა, მაგრამ ეს აზრი იმით ბათილდება, რომ მსგავსი აპლიკაციები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ასევე ძლიერი პარტნიორები ჰყავს, რაც მის წარმატებასა და მდგრადობას განაპირობებს. მხარდამჭერებს შორისაა Binance-იც,”- ამბობს ნიკოლოზ გელაშვილი.

მისივე თქმით, აპლიკაცია StepN-ის გუნდს სერიოზული სამოქმედო გეგმა აქვს გაწერილი და როგორც Chapter 25-ის მთავარი პროდუქტების მენეჯერი განმარტავს, მინიმუმ რამდენიმე თვე თამაში იქნება მდგრადი, რადგან მისი ფასის შენარჩუნებისა და ზრდის კუთხით ბევრი ინვესტიციაა ჩადებული, თუმცა რისკები ყოველთვის არსებობს.

“რეალურად $1500-$2000-ს NFT-ბოტასში ვდებთ, რომელიც ძალიან ახალია და რომლის პოპულარიზაცია ორი თვის წინ დაიწყო. შესაბამისად, ლოგიკურია ახალ თამაშს ექნება ის ფინანსური რისკები, რომელმაც შეიძლება ზარალი მოგვიტანოს. ამიტომ აუცილებელია სანამ ინვესტირებას დავიწყებთ, დეტალებში გავერკვეთ,” - განაცხადა Chapter 25-ის მთავარი პროდუქტების მენეჯერმა, ნიკოლოზ გელაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბლოკჩეინ Solana-ზე აგებული აპლიკაციის - STEPN-ის მომხმარებელთა რაოდენობა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში ყოველდღიურად იზრდება. STEPN-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად, NFT-ბოტასების შეძენა უწევს. შემდეგ კი, მომხმარებელი, გარკვეული თანხის სანაცვლოდ NFT-ტოკენს − ბოტასს იღებს, რის შემდეგაც სეირნობით, ან სირბილით სათამაშო კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს, რომელსაც რეალურ თანხად გადაცვლის.