11.სექტემბერი .2020 09:40

არაკვალიფიციური კადრები და არასაკმარისი ინვენტარი - მონიტორინგის შედეგები, თუ რა ხდება საჯარო ბაღებში

views 360
უკან

საქართველოში სკოლამდელ დაწესებულებებში კვალიფიციური კადრებისა და სააღმზრდელო ინვენტარის ნაკლებობაა. გაეროს ბავშვთა ფონდისა და სახალხლო დამცველის ოფისისი მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პრობლემად რჩება ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები და ასევე ჯგუფებში ბავშვთა რაოდენეობა. მცირე გამონაკლისების გარდა, საბავშვო ბაღები არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე.

კერძოდ, გამოკვლეული ბაღების 53.8% საჭიროებს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ბაღების 15.4% კი არასტანდარტულ გარემოშია განთავსებული, ასევე გამოწვევად რჩება ბაღებში არასაკმარისი სივრცის საკითხი, რაც შენობაში საჭირო დანიშნულების ოთახის მოწყობას და ბავშვების რაოდენობის შესაბამისი ფართის გამოყოფას შეუძლებელს ხდის.

ინფრასტურქტურული პრობლემები განსაკუთრებით პრობლემურია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე აღსაზრდელების შემთხვევაში, როდესაც გამოკვლეული ბაღების 54%-ში საერთოდ არ არის შშმ პირებისთვის შესაბამისი გარემო, 27%-ში კი ეს პრობლემა მხოლოდ ნაწილობრივ არის მოგვარებული. გამოკვლეული ბაღების 86%-ში სველი წერტილები არ არის მისაწვდომი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შემოწმებული საბავშვო ბაღების 34%-ში ირიცხებიან შშმ აღსაზრდელები, თუმცა მათგან მხოლოდ 14.2% ჰყავს სპეციალური პედაგოგი. ანგარიშის მიხედვით, საბავშვო ბაღების 62.1%-ში არასაკმარისი ფართის გამო გადატვირთულობაა. ასევე პრობლემაა საძინებელი ოთახებისა და ინვენტარის არასაკმარისი რაოდენობა, საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში კი ეზოები არ არის სათანადოდ მოწყობილი.

გარდა ამისა, საბავშვო ბაღების აბსოლუტურ უმრავლესობაში ეზო არ არის მოწყობილი აღსაზრდელთა საჭიროებებისა და მათი უსაფრთხოების შესაბამისად. იშვიათად ხდება საბავშვო ბაღების მომარაგება აღსაზრდელთა ასაკისა და რაოდენობის შესაბამისი სათამაშოებით.

საბავშვო ბაღებში კვლავ მწვავედ დგას სველი წერტილების ბავშვთა და განსაკუთრებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრუწლოვნების საჭიროებების მიხედვით მოწყობა. ამასთან, საბავშვო ბაღების ნაწილში კვლავ გამოწვევად რჩება სველი წერტილების თბილი წყლით უზრუნველყოფის საკითხი.

აღმზრდელთა დიდ ნაწილს აქვს გავლილი გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, თუმცა მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია გადამისამართების პროცედურებზე. ეს ხელს უშლის ძალადობის შემთხვევათა გამოვლენასა და მათზე დროულ რეაგირებას.
პრობლემურია საბავშვო ბაღების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის საკითხიც; სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილიდან (13,75%) ხდება აღსაზრდელების ტრანსპორტირება ახლომდებარე საბავშვო ბაღში.

სკოლამდელი დაწესებულებების მონიტორინგი 2019 წელს ჩატარდა და ჯამში 10 რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები მოიცვა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა