მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არანაკლებ სწორი სტრატეგიაა, ჰესები თავად ავაშენოთ და შემდეგ გაიყიდოს - მაია მელიქიძე

63f089e95c87d
თინათინ ნატმელაძე
21.02.23 00:40
1417
“ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის“ პრეზიდენტის მაია მელიქიძის მოსაზრებით, თუ საქართველოში ჰესებს მთავრობა ააშენებს, ის ნაკლებ ბიუროკრატიულ პროცესში გაეხვევა, ვიდრე ეს ინვესტორის შემთხვევაში მოხდებოდა.

როგორც მან BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ თქვა,  აღნიშნულ მოსაზრებას "ნამახვან ჰესის" წარუმატებული შემთხვევაც ამტკიცებს.

„ერთია რა მოცემულობა გვაქვს და როგორ უნდა ვიმოქმედოთ და მეორეა, რა არის სწორი. რა თქმა უნდა, სწორია, ინვესტორი შემოვიდეს და თავიდანვე ჩადოს თანხა მშენებლობაში, თუმცა არანაკლებ სწორი სტრატეგიაა, რომ ჩვენ თავად ავაშენოთ - გადასახადის გადამხდელებისგან ჩაიდოს თანხა და შემდეგ გაიყიდოს ის და გადაეცეს კერძო ინვესტორს, შემდგომში მისი ოპერირებისა და განვითარებისთვის. ამას აქვს თავისი პლუსები, ეს არის ბიუროკრატიული პროცესი, რასაც მთავრობის ინვესტიციის, ბიუჯეტიდან განხორციელებული ინვესტიციის ჭრილში ალტერნატივა არ უდგას, რადგან იგივე შემთხვევაში ინვესტორს მოუწევს რამდენიმე უწყებასთან კომუნიკაცია, მაშინ როცა ეს გაცილებით მარტივია თუ სამთავრობო გუნდი გააკეთებს ამას. სავსებით რეალურია, რომ ის კერძო ინვესტორს აშენების შემდგომ გადაეცეს.

გვქონდა ნამახვანის წარუმატებელი შემთხვევა, რამაც ბევრი ინვესტორისთვის შექმნა ისეთი გარემო, რომ მათ თავი შეიკავეს საქართველოში ინვესტირებისგან და ცოტა დაფრთხნენ. ნამახვანი და „ენკა“ იყო ის გარანტი, რომელიც გზას გაუხსნიდა სხვა ინვესტორებს. მას შემდეგ, რაც მთავრობამ ნამახვანის მშენებლობის საკითხი დაანონსა, ეს გარკვეულწილად გახდა მწვანე შუქი იმათთვის, ვისაც ინტერესი აქვს.

თუ მთავრობა ააშენებს ნამახვანს, ეს იქნება წარმატებული პრეცედენტი, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ დანარჩენი ინვესტორები მეტი ნდობით შემოვლენ ჩვენს ქვეყანაში, მეტ ნდობას გამოხატავენ სხვა პროექტების მიმართ. მოლაპარაკებებზე დასხდომისას კი მთავრობა იტყვის - აი, წარმატებული მაგალითი, ახლა უმჯობესია, რომ თქვენ განახორციელოთ ინვესტიცია“, - განმარტავს მაია მელიქიძე.

შეგახსენებთ, რომ ნამახვანის ჰიდროელექტრო სადგურს შპს „ენკა რინიუბელზს“ აშენებდა, თუმცა მოსახლეობის პროტესტისა და მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ 2021 წელს მისი მშენებლობა შეწყდა, მალევე კი საქართველოს მთავრობამ დაანონსა, რომ ჰესს თავად ააშენებდნენ.