მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არაოგანიზებული წარმოების განვითარების ხელშემწყობი დადგენილება" - ინტერვიუ გელა ხანიშვილთან

5e1c7bf8c760b
ვიქტორია მღებრიშვილი
13.01.20 19:35
1136
საქართველოს მთავრობამ 10 იანვარს ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესი დაამტკიცა. დადგენილება ეხება სურსათის/ცხოველის საკვების ან/და პირველადი პროდუქტის ყველა მწარმოებელს, თუ ოჯახი ფლობს ან/და აწარმოებს ერთ-ერთს მაინც ჩამოთვლილთაგან:

ა) არაუმეტეს 300 ფრთა ფრინველი და მისგან წარმოებული ხორცი ან/და კვერცხი;
ბ) არაუმეტეს 10 ფუტკრის სკა და მისგან წარმოებული თაფლი;
გ) არაუმეტეს 30 სული ბოცვრისნაირი და მისგან წარმოებული ხორცი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით BM.GE გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი ხანიშვილთან ესაუბრა.

- რას გულისხმობს 2020 წლიდან ამოქმედებული დადგენილება და კონკრეტულად ვის შეეხება ის?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ დადგენილებამ გაამარტივა და შეღავათები დაუწესა არაორგანიზებულ ფერმერულ მეურნეობებს. ორი თემა უნდა გამოვყოთ: სურსათის უვნებლობის მოთხოვნები, რომლებიც გაცილებით მკაცრია, და სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, რომელიც აქამდეც ვრცელდებოდა ყველაზე და მომავალშიც გავრცელდება. რაც შეეხება სურსათის კონტროლის თვალსაზრისით მოთხოვნებს, მოთხოვნები არ დაუწესდა არაორგანიზებულ ფერმერულ მეურნეობებს. ამ კატეგორიაში შედის ის მეურნეობები, რომელთაც ჰყავთ 5 მეწველი ფური, 300 ფრინველი, 10 სკა ფუტკარი ანუ ის, ვინც არაორგანიზებულია ამ რაოდენობიდან გამომდინარე. ეს არის ფერმერთა საკმაოდ დიდი რაოდენობა და ისინი არ იქნებიან სურსათი ეროვნული სააგენტოს კონტროლის ქვეშ.
სეს-ს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სრულად ჰყავს აღრიცხული. ჩვენ მივდივართ პრაქტიკულად ყველა ოჯახში - 300 000 ზე ოჯახზე მეტია საქართველოში, სადაც საქონელია, შესაბამისად, პირველადი ბაზა გვაქვს.
მინდა აღვნიშნო, რომ უპირველესად დავიწყებთ რძის და რძის პროდუქტების კონტროლის წარმოებას. აღრიცხვიანობის დონეც ამ მიმართულებით ყველაზე მაღალი გვაქვს. როგორც კი უკვე ორგანიზებულ მეურნეობაზე გადავდივრთ ანუ ვისაც ჰყავს 300-ზე მეტი ფრინველი, ვისაც ჰყავს 10 სკაზე მეტი ფუტკრის ოჯახი, ვისაც 2 ჰა-ზე მეტი ფართობი აქვს, ისინი უკვე გახდებიან ორგანიზებული მეურნეობები, იმიტომ რომ ისინი აწარმოებენ არა - საკუთარი მოხმარებისთვის ან მეზობლებისთვის, არამედ ბაზარზე განთავსებისთვის და იქ უკვე იქნება სრული კონტროლი სასურსათო უვნებლობის თვალსაზრისით.

- როდის დაიწყება არაორგანიზებული მწარმოებლების რეგისტრაცია და რამდენ ხანს გაგრძელდება აღწერის პროცესი?

თუ დადგენილებას დააკვირდით, პირდაპირ წერია, რომ არაორგანიზებულის რეგისტრაციად, პრაქტიკულად ჩაითვლება ის რეგისტრაცია, რომელიც ჩვენ სეს-ში გვაქვს ანუ სეს-ს აღრიცხული აქვს მეცხოველეობის თვალსაზრისით ყველაფერი, რაც საქართველოში არსებობს. როდესაც ვამბობთ, რომ 900 ათასი სული არის მსხვილფეხა რქოსანი - ეს აღრიცხულია. შესაბამისად, ჩვენ ოჯახების დონეზე ვიცით ვის რა და რამდენი ჰყავს, იმიტომ რომ თითოეულ ოჯახში წლის განმავლობაში, გააჩნია რა საქონელი ჰყავს 3-5-ჯერ მიდის ჩვენი ვეტერინარი და ახდენს ვაქცინაციას. ამიტომ როგორც ასეთი რეგისტრაცია არ იქნება. ჩვენი სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარი მისვლის დროს დააზუსტებს იმ ინფორმაციას, რომელიც ჩვენ უკვე გვაქვს. რაც დადგენილებაშია ჩამოთვლილი ყველა მიმართულებით, სრულად ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენ დაზუსტებით მხოლოდ მსხვილფეხა რქოსნის მონაცემები გვაქვს, როდესაც მივა ვეტერინარი ამ ოჯახში, მოხდება იმ ინფორმაციის გადაზუსტება და ადამიანს არსად წასვლა, რეგისტრაციის გავლა და ხარჯის გაწევა არ მოუწევს.

ამასთან, სეს-ის მიერ ეს რაიმე განსაკუთრებული ცალკე ღონისძიება არ იქნება, გავყვებით თანდათანობით იმისთვის, რომ სახელმწიფომ დამატებითი სახსრები არ გაწიოს. ეს არის მრავალწლიანი პროგრამა. არაორგანიზებულ ფერმერულ მეურნეობაში მინიმუმ 300 000 ოჯახია ჩართული. კონტროლის თემაზე კი სულ 35 ჯგუფი გვყავს, რომელსაც ისედაც 50 000 ბიზნეს ოპერატორი ჰყავს შესამოწმებელი. ეს არ არის პროცესი, რომელიც დღეს დაიწყო და ხვალ უნდა დამთავრდეს. აქ საუბარია 10 000-ობით იურიდიული პირის გაჩენაზე, რომელიც კონტროლს უნდა დაექვემდებაროს. კეთდება ძალიან დიდი საქმე.

- რამ გამოიწვია არაორგანიზებული წარმოების გაჩენა ქვეყანაში?

შესაბამისი კანონი 2012 წელს არის მიღებული. ის ვრცელდება ყველა ტიპის წარმოებაზე, თუმცა მაშინ აღებულ იქნა გარდამავალი პერიოდი 2020 წლამდე. ამ პერიოდში ორგანიზებული მეურნეობის პარალელურად არაორგანიზებულის სახელით გაჩნდა წარმოება, მაგრამ სინამდვილეში, მათი მოცულობებიდან გამოდინარე ორგანიზებული მწარმოებელების ნაწილი არ ექვემდებარებდნენ კონტროლს კანონის იმ გარდამავალი მუხლის გამო, რომლის თანახმად, ჩვენ ეს კონტროლი არ უნდა გაგვეხორციელებინა 2020 წლის 1 იანვრამდე. სწორედ ეს სეგმენტი იქნება უპირველესი, სადაც კონტროლი დაიწყება, რომ ბიზნეს ოპერატორად დარეგისტრირდეს ქვეყანაში ყველა ის ადამიანი, რომელიც ბიზნეს მწარმოებელია და ამავე დროს მიეცეს შეღავათები იმ ადამიანებს, რომელიც 2 კგ ყველს აწარმოებს. ეს ორი კატეგორია ერთი და იგივე სასურსათო აღრიცხვის და კონტროლის რეჟიმში არ უნდა იყოს.

- რომელი ქვეყნის მაგალითზე მოხდა ამ დებულების შედგენა, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობამ დაამტკიცა?

ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ჩვენი სპეციალისტები გაგზავნილი გვყავდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შევისწავლეთ მათი გამოცდილება, ვნახეთ მათი ოდენობები. მათთან კრიტერიუმები ცოტა სხვანაირადაა: მათ წარმოებული რძის მიხედვით აქვთ განსაზღვრული და ლიტრის კონტროლი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ჩვენ გავიზიარეთ ეს გამოცდილება, ქართულ რეალობას შევუსაბამეთ და მთავრობამ მიიღო შესაბამისი დადგენილება, რომელიც, კიდევ ვუსვამ ხაზს, კანონში ცალსახად იყო რომ ყველაფერი 100%-იან კონტროლს ექვემდებარებოდა. ამ დადგენილებით ჩვენ განვსაზღვრეთ მხოლოდ ის, რომ სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს, რისი ნაწილიცაა ვაქცინაციის თემა, ვეტერინარიის თემა, მცენარეთა დაცვის თემა, ყველაფერი უნდა უზრუნველყოფდეს სუფთა პირობებშიც პროდუქციის წარმოებას. მათ შორის იმ პროდუქციის წარმოებისთვის, რასაც თვითონ მიირთმევს ადამიანი. წლების მანძილზე ჩვენ გადავალთ აბსოლუტურად ორგანიზებულ მეურნეობებზე.

- რა გამოწვევების წინაშე დადგებიან მცირე მეწარმეები დადგენილების ამოქმედებით?

არანაირი დამატებითი გამოწვევა მცირე მეწარმეებს არ ექნებათ. რაც უნდა შეესრულებინათ სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, რომ ადამიანმა მიიღოს სრულფასოვანი პროდუქცია, ეს უნდა დააკმაყოფილონ და ეს იქნება მათთვის მთავარი გამოწვევა; როდესაც ადამიანი ამუშავებს მაგალითად, დღეში 1 ტონა რძეს, მას უნდა ჰქოდეს გაციების საშუალება, პასტერიზების საშუალება, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა მოწესრიგებული, შენობა უნდა იყოს მოწესრიგებული ისე, რომ არ მოხდეს მიკრობების დაბუდება, კრიტიკული წერტილების ანალიზი და ა.შ. ეს ისედაც მოწესრიგებული იყო, თუმცა ამ საწარმოებს, შედარებით მცირეებს ცოტა თავის არიდება ჰქონდათ, მაგრამ ეს იქნება ზუსტად ის, რომ ოპერატორმა, რომელიც აწარმოებს გარკვეული რაოდენობის პროდუქციას პირადი მოხამრებისთვის და მეზობელზე მისაყიდად, უნდა შეძლოს და მიაწოდოს ბაზარს ეტიკეტირებული, სათანადოდ დაცული პროდუქცია, იმისთვის რომ მოქალაქეები იყვნენ დაცულები. ეს იქნება დამატებითი სიკეთე საზოგადოებისთვის, რომ ჩვენ შევძლებთ კონტროლს დაექვემდებაროს ყველა ის ბიზნესი, რომელიც ბაზარზე განათავსებს პროდუქციას ეს თავის მხრივ ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას.  შედარებისთვის, რომ გითხრათ, სურსათის ერვნული სააგენტოს მიერ 2012 წელს სულ შემოწმებული იყო 400 ბიზნეს ოპერატორი, ფაქტობრივად, დაუცველად იყო მთელი საზოგადოება და 2019 წელს თითქმის 30 000-სს მიაღწია შემოწმებულთა საერთო რაოდენობამ. ეს არის სწორედ ის ნაბიჯები, როდესაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ეტიკეტირების საკითხი, აწერია ყველია თუ ყველისებური... ეს პროცესები არის მუდიმივი, საზოგადოების განვითარებაც არის თანმდევი.

- რა რესურსი უნდა დახარჯოს მცირე მეწარმემ, რომ კანონითა და ამოქმედებული დადგენილების ნორმები დააკმაყოფილოს?

რაიმე ისეთი არსებითი სახის დანახარჯთან საქმე არ ექნებათ. მათ მოწესრიგებული უნდა ჰქონდეთ საწარმო, თუ ის დანაშაულს ჩადის და მოწესრიგებული არ აქვს საწარმო, ეს უკვე სხვა თემაა. მაგრამ როდესაც ის უკვე დღეში 1 ტონა რძის გადამუშავებას ახორციელებს და ბაზარზე გააქვს პროდუქტი, დამერწმუნეთ მას მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს საწარმო. ეს არ არის რაიმე ისეთი მოთხოვნა, რომელიც მასზე, როგორც პროდუქციის მწარმოებელზე დღემდე არ უნდა განხორციელებული. არაკეთილსინდისიერების თემა ეს უკვე მეორე საკითხია. არაკეთილსინდისიერებასთან ბრძოლაა საჭირო.

- როგორ მოხდება მცირე მეწარმეების გაკონტროლება და იქნება თუ არა დაწესებული რაიმე სახის ჯარიმები?

ეს არის კონტროლის ძირითადი მექანიზმი, თავდაპირველად ჯარიმები არ იქნება დაწყებული, ეს იქნება ცნობიერების ამაღლება, მუშაობა საზოგადოებასთან... ადამიანის დაჯარიმება თვითმიზანი არ არის, ჩვენ შედეგი გვჭირდება; როდესაც ევრორეგულაციებს ვუერთდებით და იმპლემენტაცია ხდება ევრორეგულაციების, 2027 წლამდე გაწერილია რა კანონი უნდა მივიღოთ, ამის ძირითადი დანიშნულება არის ის, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს უვნებელი სურსათი, ქვეყანა როგორც უვნებელი სურსათის მწარმოებელი უნდა აღიაროს მსოფლიომ, რომ ჩვენ წარმატებით გავიტანოთ აქ წარმოებული ყველი, ხორცი საერთაშორისო ბაზრებზე. ეს არის ძირითადი ამოცანა და მიზანი, რომლის რეალიზებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ. დღეს შეიძლება რეაგირება მოახდინო და დააჯარიმო 5 კაცი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამით ყველა პრობლემა გადაიჭრება?! პირიქით, ჩვენ გვჭირდება რაც შეიძლება მეტი თანამოაზრე. რაც შეიძლება მეტი წარმატებული ბიზნესი და მეტი განვითარებული ხედვა, რომ საზოგადოებაზე ყველამ ერთად ვიზრუნოთ. ეს არის ხელშემწყობი დადგენილება, რათა არაოგანიზებული წარმოება განვითარდეს, ძალა მიეცეს, მაგრამ ამავე დროს მოექცეს კონტროლის არეალში და საზოგადოებისთვის უვნებელი პროდუქტის მიწოდება შეძლოს.