08.ივლისი .2020 20:00

არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები: გაზრდილი განუსაზღვრელობა და გაუარესებული მოლოდინები - ბლოგი

views 900
უკან

საერთაშორისო ორგანიზაციების და მთავრობის პროგნოზით, მიმდინარე წელს ეკონომიკის 4.0%-იანი კლებაა მოსალოდნელი. აღნიშნული პროგნოზი ჯერ კიდევ აპრილში არის მომზადებული და ის შედარებით განსხვავებულ მაკროეკონომიკურ მოცემულობებს ეფუძნებოდა. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით, ეკონომიკის გამოცოცხლებაზე ნეგატიური გავლენები უფრო მეტად არის გაზრდილი, რაც ქმნის იმის მოლოდინს, რომ ეკონომიკა ბევრად უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე დღეს არსებული ვარაუდი. 

ამის მიზეზი კი ეკონომიკურ საქმიანობაზე არსებული შეზღუდვები და მთავრობის მიერ დაპირების არ შესრულებაა. იგულისხმება საერთაშორისო ფრენების აღდგენა და ტურისტული ნაკადების მიღება, რასაც ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა გააჩნია.  კერძოდ, საერთაშორისო ფრენების აღდგენა მიმდინარე თვის დასაწყისში იყო დაგეგმილი, მაგრამ გახსნიდან ერთი კვირით ადრე მთავრობის გადაწყვეტილება შეიცვალა და ფრენების აღდგენის თარიღად აგვისტოს დასაწყისი დასახელდა. მოგვიანებით, 8 ივლისს კი ევროპის ხუთ ქვეყანასთან მიმოსვლის აღდგენაზე განცხადება გაკეთდა. როგორც ჩანს, არც ამ პერიოდისთვის აგვისტოშიც კი საერთაშორისო ფრენების სრულად აღდგენა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.  ამის საფუძველზე ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები და ინიცირებული კანონპროექტი იძლევა, რაც მთავრობისთვის შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილების გახანგრძლივებას გულისხმობს.

ზემოთ ხსენებულმა გარემოებამ არსებული განუსაზღვრელობის მასშტაბები კიდევ უფრო გააღრმავა, რაც არამხოლოდ ტურიზმს, არამედ ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს მოიცავს. ამან კი, ერთი მხრივ, სხვა სექტორებში მოქმედი ეკონომიკურ აგენტების და პოტენციურ ინვესტორების უარყოფითი მოლოდინები გაზარდა, რაც მათ მიერ ბაზრის დატოვებაში, ან წილის შემცირებაში, ან დაგეგმილ ინვესტიციაზე უარის თქმაში შეიძლება გამოვლინდეს და მეორე მხრივ, გაჩერებული ტურიზმს ნეგატიური გავლენა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორზე გააჩნია, ვინაიდან ეკონომიკის სხვა დარგებშიც მოთხოვნას პირდაპირ და ირიბად ტურისტებიც ქმნიან.  ამდენად, მთავრობის გადაწყვეტილებებმა კიდევ უფრო მეტად გაზარდა როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების შოკები.  კერძოდ, ტურიზმის გაჩერებას მოთხოვნაზე ფართომასშტაბიანი წნეხი გააჩნია, ხოლო რიგ ეკონომიკურ საქმიანობაზე დაწესებული შეზღუდვები წარმოების დანახარჯებს ზრდის, რასაც მთავრობის განცხადებებით და ქმედებებით გაზრდი გაურკვევლობაც ემატება.

თავის მხრივ, მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს პირდაპირ გავლენა სარესტორნო და სასტუმრო მომსახურების, სატრანსპორტო (განსაკუთრებით საჰაერო), ვაჭრობის, დასვენების და გართობის სექტორებზე აქვს. თუმცა, ამ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის შემცირებას ეკონომიკის სხვა დარგებზეც უარყოფით გავლენა გააჩნია. ეს კი თვალსაჩინოა სოფლის მეურნეობასა და დამამუშავებელ მრეწველობაში. შესაბამისად, საინტერესოა, ვნახოთ, ჩამოთვლილი სექტორების წვლილი ეკონომიკურ ზრდაში, რათა კიდევ უფრო უკეთ იქნას დანახული დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენის მასშტაბები. 





ჩამოთვლილი სექტორების წვლილი ეკონომიკის ზრდის საშუალოდ 4.5%-იან მაჩვენებელში საშუალოდ 1.6 პ.პ. -ია, რაც 36.1%-ს შეადგენს.  მათგან გამოკვეთილად მზარდი წვლილი სასტუმრო და სარესტორნო სექტორს გააჩნია, რაზეც საერთაშორისო ტურიზმს პირდაპირი და მასშტაბური გავლენა გააჩნია. 2016 წლიდან მოყოლებული აღნიშნული სექტორის წვლილი საშუალოდ 0.4 პ.პ. -ია, რაც წინა პერიოდში 0.1 პ.პ.-ის ფარგლებში იყო. 2015 წლიდან დაახლოებით მსგავსი ტენდენცია აქვს გართობა და დასვენების მიმართულებას, რომლის წვლილი აღნიშნული პერიოდიდან თვალსაჩინო ხდება და გასული წლის 5.1%-იან ზრდაში 0.4 პ.პ. სწორედ ამ სექტორის კონტრიბუცია იყო. 2019 წლის ზრდაში სატრანსპორტო სფეროსაც ამავე მოცულობის წვლილი გააჩნდა. ცხადია, ესენი ეკონომიკის ის სექტორებია, რომლებზეც, ერთი მხრივ, საერთაშორისო ვიზიტორების არარსებობა და მეორე მხრივ, ადგილობრივი მომხმარებლებისთვისაც საქონელი და მომსახურების მიწოდების შეზღუდვა ყველაზე მეტად შეეხო. რიგ შემთხვევაში კი საერთოდ შეჩერებული იყო. ამდენად, მთავრობის გადაწყვეტილების გამო იმ სექტორებმა, რომელთა კონტრიბუცია ეკონომიკურ ზრდაში საშუალოდ 16.5%-ია, ორივე - მიწოდებისა და მოთხოვნის მხრიდან შოკური პერიოდი გაუხანგრძლივდათ და შედარებით მასშტაბური გახდა.

ხსენებულ სექტორებში მოთხოვნის შემცირება ეკონომიკის სხვა სფეროებზე, კერძოდ, სოფლის მეურნეობის, დამამუშავებელი მრეწველობის (ძირითადად კვება და სასმელები) და ვაჭრობის დარგებში მკაფიოდ აისახება. თუმცა, მხოლოდ ამ სექტორებით არ შემოიფარგლება და ეკონომიკის სხვა დარგებზეც ნეგატიურ ასახვას პოვებს. მათგან კი გამოსაყოფი ვაჭრობის ნაწილია, რომლის წვლილი ეკონომიკურ ზრდაში აღმავალი ტენდენციით ხასიათდებოდა. კერძოდ, ზრდის მაჩვენებელში ვაჭრობის კონტრიბუცია საშუალოდ 6.9%-ია, რამაც 2019 წლის ზრდაში 22.5%-იანი (1.2 პ.პ.) წვლილი შეიტანა, ხოლო 2018 წელს კი - 14.7%-იანი.  თუმცა, მიმდინარე წლის პირველი კვარტლის 2.2%-იან ზრდაში ამ სექტორს კონტრიბუცია ფაქტობრივად არ ჰქონია.

როგორც ჩანს, საერთაშორისო ფრენების აღდგენის გადავადება გავლენას არამხოლოდ ერთეულ სექტორებზე, არამედ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგზე ახდენს, რაც მოთხოვნის მხრიდან წნეხში აისახება, მაგრამ მთავრობის სხვა შეზღუდვები, რიგ სექტორებში მიწოდებაზე უარყოფითად მოქმედებს. ასეთი ტიპის ნეგატიური გავლენები თვალსაჩინო ეკონომიკის იმ დარგებში, რომელთა წვლილი ეკონომიკურ ზრდაში საშუალოდ 1/3-ს აღემატება და მზარდი ტენდენცია ახასიათებს. მთავრობის ბოლოდროინდელმა ქმედებებმა ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობა კიდევ უფრო მეტად გააღრმავა, რაც ნეგატიურ გავლენას არამხოლოდ მიმდინარე წელს არამედ, მომავალშიც იქონიებს. ვინაიდან, ბაზრიდან გასული ეკონომიკური აგენტებისა თუ კაპიტალის დაბრუნება ბევრად უფრო რთული იქნება. ამ ფონზე რთულია კონკრეტულ პროგნოზებზე საუბარი, მაგრამ აშკარაა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ვარდნა ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე არსებული 4.0%-იანი პროგნოზი და ეკონომიკის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას არა ერთი ან ორი წელი, არამედ უფრო მეტი დრო დასჭირდება.