მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაპროგნოზირებადი გარემო ინვესტიციებს პრობლემას საზღვარგარეთაც უქმნის - თანაინვესტირების ფონდი

61389fa2b3c26
სალომე მეცხვარიშვილი, ინგა მურუსიძე
08.09.21 16:51
1196
2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოში $366.4 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლებია, ხოლო II კვარტალში ქვეყანაში 234.2 მლნ. აშშ დოლარის FDI ჩაიდო, რაც 2020 წლის II კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებს 2.6%-ით ჩამორჩება. „პირდაპირი ინვესტიციები მცირდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც“, - ამბობს bm.ge-სთან "საქართველოს თანაინვესტირების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი ცოტნე ებრალიძე, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ დასკვნების გაკეთება რთულია, რადგან მე-2 კვარტალში კლება 2.6%-ია, რაც „პატარა რიცხვია“. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში "თანაინვესტირების ფონდი" და ასევე, "ტურიზმის განვითარების ფონდი", საქართველოს TOP-ინვესტორების ათეულში ხშირად გვხვდებოდა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილმა 2020 წლის ბოლოს მისი კუთვნილი ბიზნესების და უძრავი ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდა, საქველმოქმედო ფონდ “ქართუს” საკუთრებაში გადაიტანა.

- შარშანაც იყო კოვიდის პანდემიის პერიოდი, მაგრამ ინერციით რაღაცეები მიდიოდა წინ და ხორციელდებოდა; ახლა ეს პერიოდი რომ გაიწელა, ესეც ახდენს გავლენას... მე-2 კვარტალში FDI-ს 2.6%-ით შემცირება პატარა რიცხვია. განსაკუთრებული დასკვნების გაკეთება რთულია. ეს ხდება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ასეთი მდგომარეობაა; რომ გადახედოთ დასავლეთ ევროპას, აშშ-ს, პირდაპირი ინვესტიციები მცირდება, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე.

- როგორ ფიქრობთ, ამ სიტუაციაში რა უნდა გააკეთოს მთავრობამ?

- მთავარი არის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემოს უზრუნველყოფა.

- არის ჩვენს ქვეყანაში სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო?

- კოვიდ-მდგომარეობას თუ შევხედავთ, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში არ არის პროგნოზირებადი გარემო, რაც პრობლემას უქმნის ინვესტიციებს, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ საზღვარგარეთაც.

- რა არის თანაინვესტირების ფონდის წილი საქართველოს FDI-ში? სად ხართ და რას აკეთებთ დღეს?

- ჩვენ ვცდილობთ აქტიურები ვიყოთ, მაგრამ საკმაოდ ბევრი პრობლემა გვქონდა ჩვენივე პროექტებში. მაგალითად, სამშენებლო ბრიგადებში ზოგიერთ ჯგუფს დაემართა კოვიდი, ზოგი კონტაქტი იყო და პრობლემები შეგვექმნა.

- გააჩერეთ რომელიმე პროექტი?

- არ გაგვიჩერებია არც ერთი პროექტი, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე შეფერხებები გვქონდა. სამწუხაროდ, კოვიდის გამო მუდმივად არის ხოლმე შეფერხებები, მათ შორის „პანორამა თბილისიც“; თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმროს შენებლობა გრძელდება, გარკვეული შეფერხებები აქაც იყო ისევ და ისევ კოვიდის გამო. წელს გვინდოდა დაგვემთავრებინა, თუმცა სავარაუდოდ, ვერ მოვასწრებთ გახსნას და ვფიქრობთ, მომავალ წელს გავხსნით.

- რამდენადაც მახსოვს, თქვენს გეგმებში „გალერია თბილისის“ გაყიდვა შედიოდა და ინვესტორების დაინტერესებას ცდილობდით. გამოჩნდა მსურველი?

- ვიდრე კორონავირუსის პანდემია დაიწყებოდა, აქტიური მოლაპარაკება გვქონდა რამდენიმე ინვესტორთან. პანდემიის პერიოდშიც იყვნენ ინვესტორები დაინტერესებულები, თუმცა ძირითადად ისეთები, ვისაც სურს,100 ლარიან აქტივში 20 ლარი გადაიხადოს. ჩვენ მაგის ინტერესი არ გვაქვს, რადგან მადლობა ღმერთს, გვაქვს საშუალება უკეთეს პერიოდს დაველოდოთ, რომ გავყიდოთ იმ ფასად, რა ფასსაც იმსახურებს.