მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მოითხოვს

5e29b34c78b72
დავით ჯალაღონია
23.01.20 19:50
940
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ IDFI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" გერმანული სამდივნოს მიერ გამოქვეყნებული, 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შეფასებისას განაცხადა, სადაც საქართველოს პოზიცია 2 ქულით გაუარესდა.

"მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლების განმავლობაში კორუფციის რისკები და ფაქტები საკმაოდ გაზრდილია და ეს ეხება ელიტურ კორუფციას. ამ თვალსაზრისით ჩვენს ორგანიზაციას, ისევე როგორც პარტნიორ ორგანიზაციებს ჰქონდათ ინიციატივა, რომელიც ეხებოდა ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბებას საქართველოში კორუფციის პრევენციისა და კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, რასაც ჰქვია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახური, ან სააგენტო, რომელიც იქნებოდა თავის საქმიანობაში ნამდვილად დამოუკიდებელი, იმ მხრივ, რომ მას არ ეყოლებოდა ზემდგომი ორგანო აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან, არამედ იქნებოდა პარლამენტს დაქვემდებარებული და მასთან ანგარიშვალდებული უწყება, რომელიც გააკონტროლებდა კორუფციის მდგომარეობას ქვეყანაში და თავისთავად იქნებოდა უფრო ეფექტური კორუფციის პრევენციის მხრივ.

ამ სააგენტოს ექნებოდა დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების უფლებამოსილება და ამავდროულად განახორციელებდა სხვა საქმიანობას, როგორიც არის მაგალითად, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების გადამოწმება, ისევე როგორც პარტიების დაფინანსების საკითხები - ანუ იქნებოდა კომპლექსური ორგანო, რომელიც კორუფციას გამოიძიებდა ყველა დონეზე და ყველა ორგანოში", - განაცხადა BM.GE-სთან საუბრისას გიორგი კლდიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში "ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმი" გაიმართება, რომლის ფარგლებში არასამთავრობო სექტორი ხელისუფლების წარმომადგენლებს ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ისევ მოუწოდებს.

„ჩვენ წარვადგენთ ერთობლივ რეკომენდაციებს, მათ შორის იქნება ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დაკავშირებული რეკომენდაციები და მზად ვართ, რომ ხელისუფლებასთან ყველანაირად ვითანამშრომლოთ და დავეხმაროთ იგივე ექსპერული ცოდნით, თუ ჩვენი რესურსით, რომ ასეთი სააგენტო რეალურად შეიქმნას“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგები საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის სამდივნოს მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს. ჩამონათვალში საქართველოს 56 ქულა აქვს და 44-ე ადგილს იყოფს კოსტა-რიკასთან, ჩეხეთთან და ლატვიასთან. რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

საქართველოს შედეგი, 2018 წელთან შედარებით, 2 ქულით გაუარესდა. ანგარიშის მიხედვით, 2-ქულიანი ცვლილება უმნიშვნელოდ მიიჩნევა და საქართველო კვლავ პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, თუმცა "საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ქულის მხრივ, პროგრესის ნაკლებობა შეინიშნება. სამაგიეროდ, რეგიონის ქვეყნებიდან, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სომხეთისა და აზერბაიჯანის შედეგები - ერთი შვიდი, მეორე კი ხუთი ქულით დაწინაურდა. რაც შეეხება იმ გამოწვევებს, რაც ამ რეიტინგში საქართველოს პოზიციებს განაპირობებს - 2019 წლის ინდექსში საქართველოს შედეგი მიუთითებს, რომ გადაუჭრელი რჩება ის პრობლემები, რაც გასული წლის ანგარიშში იყო ხაზგასმული. ესენია: კორუფცია და პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საგამოძიებო უწყების არარსებობა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კორუფციის შემთხვევებზე რეაგირების ქმედითი მექანიზმის - დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა "საერთაშორისო გამჭვირვალობის" რეკომენდაციების ჩამონათვალშიც არის.