14.ნოემბერი .2019 16:14

არასამთავრობოები: ივანიშვილმა უნდა "გაიაზროს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა"

views 672
უკან

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ კანონპროექტის ჩავარდნისა და ამის შემდეგ, უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, 17 არასამთავრობო ორგანიზაცია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BG.GE უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს პარლამენტის მიერ დღეს ჩაგდებული საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი, რომელიც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობდა, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი.

ამ გადაწყვეტილებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველი პარტიის თავმჯდომარეს და ქვეყნის არაფორმალურ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად და სახელმწიფოს მისატაცებლად, როგორც ჩანს, მზად არის უსამართლო საარჩევნო სისტემის გამოყენებით ამომრჩეველს წაართვას ქვეყნის მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობა და დაუმსახურებლად მიისაკუთროს საპარლამენტო მანდატები.

ხელისუფლებისთვის ცხადი იყო, რომ მიღებული გადაწყვეტილება მასობრივ საზოგადოებრივ მღელვარებას გამოიწვევდა და გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ის ბოლო დღეებში თავად უწყობდა ხელს ამ მღელვარების წარმოშობას, რაც შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო ძველი საარჩევნო სისტემით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და ამ გზით ხელისუფლების შენარჩუნების სურვილით.

მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზროს ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული განცხადების ავტორები შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები არიან:

1. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
2. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
3. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
4. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
5. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
6. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
7. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI Georgia)
8. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
9. საზოგადოება და ბანკები
10. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
11. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
12. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
13. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
14. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
15. მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი
16. საქართველოს მედია-კლუბი
17. საქართველოს ატლანტიკური საბჭო

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისიტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ პარლამენტის ვიცე–სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო თანამდებობები და უმრავლესობის რიგები დატოვეს. ეს დეპუტატებია: დიმიტრი ცქიტიშვილი, ირინა ფრუიძე, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, ზაზა ხუციშვილი და გიორგი მოსიძე. 

გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ის პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი და საერთაშორისო მდივანია და მისი დღევანდელი განცხადების შემდეგ, მას პარტიული თანამდებობების დატოვებაც მოუწევს. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა