მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასათანადო გავლენის შეზღუდვა დეოლიგარქიზაციის მთავარი საკითხია - დეგნანი

633d71cdb4235
BM.GE
05.10.22 17:59
443

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა დეოლოგარქიზაციის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ ამ კანონმდებლობის მიღების მთავარი იდეა სახელმწიფოსა და საზოგადოებაზე არასათანადო გავლენის შემცირებაა. ამასთანავე, დიპლომატი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ დეოლიგარქიზაციის საკუთარი მოდელი შეიმუშავოს.

“დეოლიგარქიზაციის მთავარი საკითხია ის, თუ როგორ შეიძლება შეიბოჭოს არასათანადო გავლენა. ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე არასათანადო გავლენას ებრძვის ბევრი ქვეყანა, მათ შორის ნებისმიერი, ვინც ცდილობს მოახდინოს გავლენა მთავრობასა ან საზოგადოებაზე, სხვადასხვა ბერკეტებით, იქნება ეს ფინანსური შესაძლებლობები თუ გავლენები. ამის შეზღუდვას ცდილობენ ქვეყნები, მათ შორის ჩემი ქვეყანაც.

ვფიქრობ, თითოეულმა ქვეყანამ უნდა განიხილოს ეს საკითხი და იპოვოს საკუთარი გამოსავალი. არ ვფიქრობ, რომ ყოველთვის სასარგებლოა უბრალოდ სხვისგან გადმოღება, თქვენი ქვეყნის სიტუაციის სპეციფიკაზე მორგების გარეშე. არსებობს ბევრი კარგი მაგალითი, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას და ჩამოყალიბდეს ისეთ რამეში, რაც საქართველოსთვის შესაფერისია.

საჭიროა არასათანადო გავლენის პრობლემის ხაზგასასმელად მეტი დროის დახარჯვა, რომელიც გავლენას ახდენს მოსახლეობის პოლიტიკურ ნებაზე. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ გქონდეთ არჩევნები, რომელიც ასახავს იმას, რასაც ამომრჩევლებმა მისცეს ხმა, თქვენ გაქვთ დამახინჯებული წარმოდგენა, რადგან იყო არასათანადო გავლენა პროცესზე. ნებისმიერი ამგვარი კანონის მიზანია უზრუნველყოს, რომ იყოს გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და თანაბარი პირობები, რათა ხალხის ხმა ისმოდეს“, - აღნიშნა ელჩმა.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო უკრაინული მოდელით მიიღებს დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობას.

“ჩვენ ძალიან ბევრი ოლიგარქი და ოლიგარქიისკენ მიდრეკილი ყოფილი თუ მოქმედი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ვიცით. რა თქმა უნდა, ჩვენ ავიღეთ უკრაინული მოდელი, რომელიც მოწონებულია ევროკავშირის მიერ და ამ კანონს მივიღებთ,”- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსნებთ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შემდეგ ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.