მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია - გიორგი გახარია

5ef5d4912c12c
ვიქტორია მღებრიშვილი
26.06.20 15:00
1139
არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია. ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძოლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო რეიტინგებით საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის ეფეტურობა გაზრდილია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კორუფცია ქვეყანაში დაძლეულია.

„საჯარო მმართველობაზე როცა ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ კორუფციას. კორუფციის პრევენცია და მის წინააღმდეგ ბრძოლა განვითარებადი ეკონომიკებისთვის არის მუდმივი გამოწვევა. შეუძლებელია ჩვენი დონის ეკონომიკური განვითარების ქვეყნისთვის და საერთოდ არასწორი იქნება ვთქვათ, რომ კორუფცია დამარცხებულია, ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ კორუფციასთან ბრძლა არის ჩვენი მუდმივი გამოწვევა. ჩვენ ყოველდღიურად, მუდმივად უნდა დავხვეწოთ ის მექანიზმები, რომლებსაც ვიყენებთ კორუფციასთან ბრძოლისთვის. ამ მექანიზმების დახვეწას და პროგრესს აღნიშნავს სწორედ ის საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც აშკარად და ერთმნიშვნელოვნად საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ეფექტურობის ზრდას აღნიშნავენ.

მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის 2020 წლის რეიტინგებით, კორუფციის არარსებობის კომპონენტში პირველი ადგილი გვიჭირავს რეგიონში და მსოფლიოში 42-ე ადგილი. საერთაშორისო გამჭვირვალობის 2019 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში ლიდერია, მსოფლიოში კი 44-ე ადგილზეა.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში კორუფცია არის დაძლეული. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ფრთხილად ვპროგრესირებთ იმ მიმართულებით და გვესმის, რომ კორუფციასთან ბრძოლა გარდამავალი ეკონომიკების, გარდამავალი დემოკრატიების მქონე ქვეყნებისთვის არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების დახვეწა ეს ჩვენი მუდმივი ამოცანაა“, - განაცხადა პრემიერმა.