მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება“ - პრემიერი „ბორჯომის“ დასაქმებულებზე

629dd7393bc8a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 14:44
1069
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კომპანია „აი დი ეს ბორჯომის“ დასაქმებულები, რომლებიც ერთი კვირაა „ბორჯომში“ საპროტესტო აქციებს მართავენ, არ დაიჩაგრებიან და ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის დაწყებამდე „ბორჯომის“ აქციების საქართველოს მთავრობისთვის გადაცემის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრის ჩართულობით დაწყებულია მედიაციის პროცესი.

„ვიცი, რომ იქ (კომპანია „ბორჯომში“) რაღაც სირთულეებია, იქ დასაქმებულები აპროტესტებენ. დღეს დილით საუბარი მქონდა ზურაბ აზარაშვილთან. მისი დავალებით პროცესში შრომის ინსპექცია ჩაერთო. მინდა ვუთხრა ყველას - არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვექცევით. ყველაფერი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის: კომპანია "ბორჯომის" მხრიდან წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც 27 მაისს უშედეგოდ დასრულდა. მას შემდეგ კომპანიის თანამშრომლებმა 4 ძირითადი მოთხოვნით საპროტესტო აქციები წამოიწყეს.

„ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.