მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არცერთი ქვეყანა არ მიიღებს ქართულ კომპანიას“ - რატომ ვერ გადიან ინფრასტრუქტურული კომპანიები უცხოეთში?

62931c31de55b
ელენე გოგბერაშვილი
29.05.22 11:07
7539
„ნებისმიერ პროექტში მონაწილეობისას დამკვეთი თქვენ გთხოვთ წარმოადგინოთ, თუ რა გაქვს გაკეთებული შენს ქვეყანაში, რას მიაღწიე... თუ ქართულმა კომპანიამ საქართველოში არ მიიღო ის გამოცდილება, ის პროექტები არ ჩადო თავის ზურგჩანთაში, მაშინ დამერწმუნეთ, არცერთი მეზობელი და შორეული ქვეყანა არ მიიღებს სტარტაპ ქართულ კომპანიას“- ამის შესახებ ენერგო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანია „ენერგონის“ გენერალური დირექტორი გადაცემა რედაქტ2-ში საუბრობს.

გიორგი მირცხულავას თქმით, კომპანიებს სჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერცერთი ქართული კომპანია საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლას ვერ შეძლებს.

„აქ არის კოორდინირება საჭირო სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის. აქ არამც და არამც არ ვგულისხმობ რაიმე პრეფერენციებს, რომ ქართულმა კომპანიამ ან ცუდად გააკეთოს, ან ცუდ დროში ან უფრო ძვირად.

თუ ავიღებთ პროექტებს, რომლებიც საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ფინანსდება, იქ ითხოვენ მსგავსი პროექტების გამოცდილებას, მსგავსი პროექტების გამოცდილება ძალიან ძნელია. აქ არის 40-60 მილიონიანი პროექტები და ითხოვენ ქართული კომპანიისგან, რომ თქვენ უნდა გქონდეთ მსგავსი პროექტის ან ერთობლიობაში 3-4 ჯერ დიდის გამოცდილება. დამეთანხმება ყველა, რომ ეს შეუძლებელია.

აქ სახელმწიფოს როლი ის არის, რომ ქართულ კომპანიას გარანტად დაუდგეს, თუ ჩათვლის ის საჭიროდ, რომ მისი ფინანსური, ტექნიკური შესაძლებლობები იძლევა ამის შესაძლებლობას, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა. ან უნდა მოხდეს მეგა, დიდი პროექტების დატეხვა, რაც საგზაოს მიმართულებით დაიწყო. დაანაწევრეს პროექტები, რადგან ქართული კომპანია 200 მილიონიან პროექტში ვერ მიიღებს მონაწილოებას. სახელმწიფომ ჩვენთან ერთად უნდა იმუშაოს ამ მიმართულებით. უნდა იმუშაოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან, რადგან იქ აწყობილი სისტემაა, არავის უნდა წესების ცვლილება, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვითხოვეთ წესების ცვლილება, ისინი ამას არასდროს გააკეთებენ“-აცხადებს მირცხულავა.

მისი თქმით, არიან „თოთო ოროლა“ ქართული კომპანიები, რომლებმაც შეძლეს მეზობელი ქვეყნების ბაზარზე გასვლა, თუმცა იმისთვის, რომ მეტმა ქართულმა კომპანიამ შეძლოს საქართველოს ფარგლებს გარეთ შექმნილი დოვლათის საკუთარ ქვეყანაში შემოტანა, ამაში მნიშვნელოვანია კერძო სექტორს სახელმწიფოს მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ჩვენ თუ წინა პლანზე არ წავიწიეთ, მუდმივად ვიქნებით ქვეკონტრაქტორები. ქვეკონტრაქტორობაში არაფერი სასირცხვილო არ არის, მაგრამ ამბიცია ხომ უნდა გაგაჩნდეს?! ეს ამბიცია „ენერგონს“ გააჩნია.

ჩვენს შემთხვევაში იყო გადამცემი ხაზის მიმართულებით პროექტი უზბეკეთში, რომელსაც გვთავაზობდნენ, იყო ასევე აზერბაიჯანის, ყაზახეთის მიმართულებით, მაგრამ საბოლოო ჯამში მივდივართ იმ პრობლემასთან, რომ მოთხოვნები არ გაძლევს საშუალებას პროექტები განახორციელო. ხშირად ითხოვენ შენ იყო არა ქვეკონტრაქტორი, არამედ თავად კონტრაქტორი, თუმცა პრობლემა გაჩერებს",-აცხადებს გიორგი მირცხულავა.