მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების მერეც გააგრძელებს თუ არა სებ-ი რეზერვების გაყიდვას - გვენეტაძის პასუხი

5f61de0f103f3
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.20 14:12
647
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დღეს $40 მილიონიანი სავალუტო ინტერვენციის განხორციელება დაანონსა. როგორც ცნობილია, ამ დრომდე სებ-მა 12 ინტერვენცია განახორციელა, რომლებზეც ჯამურად 380 მილიონი დოლარი გაყიდა.

BMG-ის კითხვაზე - გააგრძელებს თუ არა ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც და სად გადის ზღვარი, რომლის იქით სებ-დ დოლარებს აღარ გაყიდის, კობა გვენეტაძე პასუხობს, რომ წლის ბოლომდე ინტერვენციები გაგრძელდება და მათი მოცულობა სავარაუდოდ $200 მილიონზე მეტი იქნება. ამასთან, სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არსებული გაურკვევლობის პირობებში რთულია წინასწარ თქმა, თუ რამდენი ხანი მოუწევს ცენტრალურ ბანკს რეზერვების ხარჯვა.

“კურსის მოქნილობის დაცვის პირობებში უნდა განვახორციელოთ სავალუტო რესურსების ბაზარზე მიწოდება, რადგანაც უპრეცედენტო შოკის პირობებში გვიწევს მუშაობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდეს და ამის საშუალება ჩვენ მოგვცა პირველ რიგში იმან, რომ ვაგროვებდით სავალუტო რეზერვებს და ყოველთვის ვამობდით, რომ სავალუტო რეზერვები უნდა დავაგროვოთ ადეკვატურ დონეზე, რადგანაც ეს რეზერვები ჩვენ რთულ პერიოდებში დაგვეხმარებიან. ზუსტად ამას ვახორციელებთ ჩვენ ახლა. ამავე დროს, ის დახმარება, რომელიც ჩვენ მივიღეთ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს გავაგრძელოთ.

კიდევ ერთ კითხვაზე თუ სად არის ზღვარი, რომლის იქითაც აღარ გავყიდით დოლარს, გიპასუხებთ, რომ ზღვარი ამ შემთხვევაში არის რიცხობრივად მაჩვენებლები, რომელზე ქვემოთაც არ უნდა ჩამოვიდეთ, მაგრამ ეს ყველაფერი, დღესდღეობით, არის ძალიან გაურკვეველი და ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც გამოჩნდება ვაქცინა და უფრო კარგად გამოჩნდება თუ როდის მთავრდება ეს კრიზისი, უფრო მაშინ იქნება შესაძლებელი ამაზე საუბარი. მანამდე კი მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ეს რესურსები გვქონდეს,”- განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ამასთანავე, მან თქვა, რომ COVID-19-ის მიერ გამოწვეულ შოკთან ერთად, ლარის კურსის უარყოფითი მოლოდინების ჩამოყალიბებაზე წინასაარჩევნო პერიოდიც ახდენს გავლენას. 

“ბოლო პერიოდში ლარი, დაახლოებით, 2%-ით არის გაუფასურებული. მზარდი ეკონომიკის ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდში როგორც წესი, არის ხოლმე დროებითი სავალუტო დაძაბულობა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამ დაძაბულობას რაიმე მატერიალური შედეგი მოჰყვება ინფლაციასთან დაკავშირებით და მოგეხსენებათ, რომ ამ უპრეცედენტო შოკის გამო აქტიურები ვართ სავალუტო ბაზარზე, მთელი მიმდინარე წლის განმავლობაში. არ მინდა, წინ გავუსწრო მოვლენებს, მაგრამ იმხელა დანაკლისის პირობებში, რაც საქართველომ განიცადა და რეზერვების დაგროვების პირობებში, ვფიქრობთ, რომ $200 მილიონზე მეტი თანხა იქნება მიწოდებული ბაზარზე", - თქვა გვენეტაძემ.