13.დეკემბერი .2019 19:45

არჩილ ჩუხრუკიძის განცხადებით, ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის სტატისტიკა საქართველოს პროგრესს აჩვენებს

views 2024
უკან

"თბილისის გულის ცენტრის" გენერალური დირექტორი, კარდიოქირურგი არჩილ ჩუხრუკიძე გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში ამბობს, რომ საქართველოს კარდიოლოგიური მიმართულებით უკანასკნელ წლებში თვალსაჩინო წინსვლა აქვს, რაც ქვეყანაში მოქმედი კლინიკებისა და ექიმების დამსახურებაა.

ჩუხრუკიძე ამბობს, რომ ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში კარდიოვასკულარული დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მაღალგანვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებთან არის ახლოს.

"ეს არის სლაიდი, რომელიც გამოქვეყნებულია ევროპის კარდიოლოგთა ასოციაციის მიერ. ამ სლაიდზე, თუ დააკვირდებით, დაინახავთ სამ მრუდს და ის აჩვენებს კარდიოვასკულარული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას ყოველ 100,000 მოსახლეზე გენდერულ ჭრილში. ერთი მრუდი ასახავს საქართველოს, შინდისფერით არის გამოსახული საქართველოს მაჩვენებლები. ასევე დატანილია საშუალო განვითარებისა და მაღალგანვითარებული ქვეყნების მაჩვენებლები. 1985 წლიდან 2014 წლამდე, ხედავთ, რომ საქართველოს მაჩვენებელი სიკვდილიანობის კუთხით შემცირებულია და მიახლოებულია განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებთან. რაზე მიუთითებს ეს? – ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმ 26 კლინიკის ექიმები, ექთნები, სანიტარები, კარდიოქირურგები, რეანიმატოლოგები, მათი შრომის შედეგია ეს ყველაფერი. ეს ადამიანები ერთი თვეა კარ და კარ, ტელევიზიიდან ტელევიზიაში დადიან და იმის ნაცვლად, რომ საკუთარი საქმით იყვნენ დაკავებულები, თხოვნით მიმართავენ სამინისტროს, რომ "დავსხდეთ რაც შეიძლება სწრაფად და მოვნახოთ გამოსავალი", - ამბობს არჩილ ჩუხრუკიძე.