მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ გაჩეჩილაძე: 500 Startups-თან დაკავშირებით მოლოდინები გადაჭარბებით შესრულდა

6074306eb5286
შოთა ტყეშელაშვილი
12.04.21 21:00
879
“მოლოდინები ნამდვილად გადაჭარბებით შესრულდა და იმპულსი სტარტაპებთან დაკავშირებით ნამდვილად შექმნილია,”- ამის შესახებ “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ბანკის მიერ სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა 500 Startups-თან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, მარტში “საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი ბიზნესაქსელერატორის - 500 Georgia-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. შედეგად, ინოვაციური კომპანიები Agrolabs-ი და PAYZE-ი, Silicon Valley Immersion-ში მონაწილეობისთვის სან-ფრანცისკოში გაემგზავრებიან.

გაჩეჩილაძის თქმით, ამ კონკურსში მონაწილე კომპანიების მიერ ჯამურად 16 მილიონი ლარის დაფინანსების მოზიდვა მოხერხდა, რაც მნიშვნელოვანი შედეგია.

“ერთი წელი ნამდვილად არ არის დიდი დრო, იქიდან გამომდინარე, რომ ესენი ახალი ბიზნესები არიან, ამ ბიზნესების მასშტაბის გაზრდის ამოცანა დგას. სტრატაპ-აქსელერატორის მთელი ამოცანაა, რომ ბიზნესს რჩევები მისცე, აჩვენო სხვა პატარა კომპანიები როგორ გაიზარდნენ დიდ მასშტაბამდე. ერთი წელი ნამდვილად არ არის დიდი დრო, მაგრამ ამ პერიოდში 350-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი არის შექმნილი და 16 მილიონი ლარი, ანუ $5 მილიონ დოლარზე მეტი არის მოზიდული. ეს მოზიდული თანხები არის პატარა ტრამპლინი, რადგან აქედან უნდა გაიზარდონ. დასაწყისი ნამდვილად კარგია და ბევრ დიდ შედეგს ველოდებით მომავალში,”- აღნიშნა “საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა.

კითხვაზე თუ რომელი მიმართულებებით არსებობს განსაკუთრებული პოტენციალი სტარტაპების განვითარებისთვის არჩილ გაჩეჩილაძე პასუხობს, რომ ესენია ლოჯისტიკის და ელექტრონული კომერციის სფეროები.

“დღევანდელ ტექნოლოგიურ გარემოში საზღვრის ბარიერების გადალახვა არის შესაძლებელი. დღეს ელექტრონული კომერციის განვითარების ის ეტაპია, როდესაც საქართველოდანაც არის შესაძლებელი რომ გაშალო ფრთები, ამისთვის აუცილებელი იყო მცოდნე ადამიანები, რათა ასწავლონ როგორ გავაკეთოთ.

პოტენციალი არის ახალგაზრდობაში და განათლებაში. საქართველოსგან განსხვავებით სხვა ქვეყნებს არ აქვს ინდუსტრიული ბაზა და ალბათ ვერც ექნება ასეთი ინდუსტრიული ბაზა ამ მასშტაბიდან გამომდინარე და ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ელექტრონულ კომერციასა და ლოჯისტიკაში ჩავერთოთ,”- ამბობს არჩილ გაჩეჩილაძე.

აღსანიშნავია, რომ 500 Georgia-ს პირველ ნაკადში კომპანიებმა Cardeal-მა და Cargon-მა გაიმარჯვეს, ამ კომპანიების წარმომადგენლებიც წელს "სილიკონ ველიში" გაემგზავრებიან და 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას.

500 Startups-ი ვენჩურული კაპიტალის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან კომპანიის მხრიდან ინვესტირება 77 ქვეყნის 2400-ზე მეტ კომპანიაში განხორციელდა. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups-ი დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.