მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილი: რეფინანსირების სესხებსა და სავალუტო ინტერვენციებს განსხვავებული ფუნქცია აქვთ

5e81ae5f05e53
შოთა ტყეშელაშვილი
30.03.20 12:30
980
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შესახებ ისაუბრა. მარტის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა სამი ინტერვენციის შედეგად, ჯამში, $100 მილიონი დოლარი გაყიდა. ამავდროულად, 26 მარტს ეროვნულმა ბანკმა 7-დღიანი რეფინანსირების სესხის სახით, კომერციულ ბანკებზე 2.42 მილიარდი ლარი გასცა, რაც წინა კვირასთან შედარებით 570 მლნ ლარით მეტი იყო. არჩილ მესტვირიშვილის განმარტებით, რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყანაში ნაღდ ფულზე გაზრდილი მოთხოვნა იყო.

კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც, რეფინანსირების სესხების ზრდა მოხდა, თავად ეროვნული ბანკის მიერ $100 მილიონის გაყიდვის შედეგად, ბაზარზე ლარის ლიკვიდური აქტივების შემცირება იყო.

“რეფინანსირების სესხების ფუნქცია და სავალუტო აუქციონების ფუნქცია განსხვავებულია; წინა წლებშიც გვაქვს ამაზე გაკეთებული განცხადება, მაგრამ როგორც ჩანს ისევ არის დღის წესრიგში. რეფინანსირების სესხები არის ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტი. თუ საბანკო სისტემას სჭირდება ერთი ლიკვიდური აქტივის, მაგალითად ფასიანი ქაღალდის გადაქცევა მეორე ლიკვიდურ აქტივად, რომელიც არის ფული. ამისთვის არის რეფინანსირების სესხი, რომ ლიკვიდობა საბანკო სექტორში ყოველთვის იყოს საკმარის დონეზე. პანდემიის გამო გაიზარდა ნაღდ ფულზე მოთხოვნა, დაახლოებით, 300 მილიონით გაიზარდა ნაღდი ფული, რამაც გამოიწვია რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნის ზრდა. ასევე, როდესაც ჩვენ დოლარს ვყიდით, ლიკვიდობას ვამცირებთ, რისი დაბალანსებაც სხვა წყაროთი უნდა მოხდეს. ასევე დაემთხვა პერიოდი, როდესაც გადასახადები იყო ამოღებული მთავრობის მხრიდან და ყველაფერი ეს ჯამურად იწვევს მოთხოვნას, მაგრამ ჩვენი მნიშვნელოვანი მიზანი არის, რომ არ შეიქმნას ლიკვიდობის პრობლემა, ამ საკითხზე მუშაობას მალე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთანაც დავიწყებთ. როგორც საბანკო სექტორიდან, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან ეკონომიკის დაკრედიტებას საფრთხე არ უნდა შეექმნას.

ტურიზმის სექტორი იქნება, სადაც შეიძლება შეიქმნას პრობლემები და იქ შეიძლება შენელდეს დაკრედიტება, მაგრამ იქნება სექტორები, სადაც პიკის გადავლის შემდეგ იქნება ზრდა. შესაბამისად, საკრედიტო რესურსის მიწოდება ეკონომიკისთვის არ უნდა შეფერხდეს ფინანსური სექტორის მხრიდან და აქ ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ეროვნულ ბანკს, რათა ლიკვიდობის პრობლემები არ შეიქმნას.

ამ ორ ინსტრუმენტს [რეფინანსირების სესხებსა და სავალუტო ინტერვენციებს] აქვს განსხვავებული ფუნქცია. ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ პერიოდი, როდესაც რეფინანსირების სესხები იზრდებოდა და ვალუტა მყარდებოდა, ასევე შეგვიძლია ვიპოვოთ პერიოდი, როდესაც რეფინანსირების სესხები იზრდებოდა და ვალუტა უფასურდებოდა. შესაბამისად, აქ პირდაპირი კავშირი არ არის. პირდაპირი კავშირი არის ჩვენ ინტერვენციებსა და რეფინანსირების სესხებზე მოთხოვნას შორის. როდესაც ვზრდით ინტერვენციებს, ჩვენ ვქმნით დამატებით მოთხოვნას, რადგან სისტემიდან ამოგვაქვს ლარი, მაგრამ გარდა ამისა, როდესაც დაკრედიტება იზრდება, ეს დამატებით მოთხოვნას ქმნის ლარზე, როდესაც ლარის დეპოზიტები იზრდება, ეს დამატებით მოთხოვნას ქმნის ლარზე, რადგან მისი ნაწილი ეროვნულ ბანკში უნდა იყოს რეზერვის სახით განთავსებული; როდესაც მთავრობა გადასახადებს იღებს იმ მომენტში ესეც დამატებით მოთხოვნას ქმნის ლარზე", - ამბობს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი.

არჩილ მესტვირიშვილი "საქმიან დილაში"