მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილი: შეიძლება ითქვას, რომ $60-მილიონიანი ინტერვენცია გამონაკლისი იყო

5fa45e96d7e6d
შოთა ტყეშელაშვილი
06.11.20 00:10
1574
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ, სავალუტო ინტერვენციებთან დაკავშირებით BMG-ის კითხვას უპასუხა. მისი თქმით, ინტერვენციები 2021 წლის პირველ ნახევარშიც გაგრძელდება და მათი მოცულობა ეკონომიკაში არსებული საჭიროების მიხედვით გადაწყდება.

ამასთან, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ $60 მილიონი დოლარის ინტერვენცია, რომელიც ორშაბათს განხორციელდა, მოცულობის თვალსაზრისით გამონაკლისს წარმოადგენდა.

“თქვენ იცით, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ოდენობის სავალუტო შემოდინებები დაკარგა ამ პანდემიის პერიოდში, რისი კომპენსირებისთვისაც მთავრობამ ისესხა უცხოური ვალუტით გარკვეული თანხები, რის საფუძველზეც ახდენს ფისკალურ სტიმულირებას ეკონომიკის. ჩვენი მიზანია, რომ ეს უცხოური ვალუტა მოხვდეს ბაზარზე, შესაბამისად პერიოდულად ვახორციელებთ ინტერვენციებს და ამ ინტერვენციებს გავაგრძელებთ 2020 წლის განმავლობაში და სავარაუდოდ მომავალი წლის პირველ ნახევარშიც. მომავალ წელს ჩვენ რამდენი ინტერვენცია გვექნება და რა პერიოდულობით ეს რა თქმა უნდა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება პანდემია და რა მოცულობით იქნება ფისკალური სტიმულირება მთავრობიდან და რა იქნება მისი დაფინანსების წყაროები. მაგრამ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვიტყვი, რომ წლის განმავლობაში ჩვენ გავაგრძელებთ ინტერვენციებს.

მოცულობებს რაც შეეხება, ამაზე წინასწარ ძალიან ძნელია საუბარი. ეს დამოკიდებული იქნება იმ პერიოდში რა მდგომარეობა იქნება. თუმცა, სავარაუდოდ დიდი ცვლილებები მოცულობებში არ იქნება. ეს $60 მილიონის ინტერვენცია შეიძლება ითქვას, რომ იყო გამონაკლისი, ვიდრე წესი მომავალში,”- ამბობს მესტვირიშვილი.

2020 წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა ჯამურად $710 მილიონი დოლარი გაყიდა.

წლის პირველი სავალუტო აუქციონი 13 მარტს კურსის მკვეთრი გაუფასურების დაწყების შემდეგ განხორციელდა. მარტში ჯამურად 3 ინტერვენცია შედგა და $100 მილიონი გაიყიდა. მარტის ბოლოს ლარი პიკური გაუფასურების ნიშნულს ჩამოსცდა, რაც მთავრობის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმას და დონორების მხრიდან დახმარების მზადყოფნის განცხადებას უკავშირდებოდა. აპრილში დოლარის ღირებულება 3.15 ლარი გახდა. ამავე თვეში სებ-მა მხოლოდ ერთი ინტერვენცია განახორციელა და $20 მილიონი დოლარი გაყიდა.

ივნისში ლარი შედარებით გამყარდა და დოლარის ღირებულება 2.95 ლარი გახდა, თუმცა მალევე კურსი კვლავ გაუფასურდა, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად ტურიზმის შესახებ შეცვლილ მოლოდინებს უკავშირდებოდა, რადგან საზღვრების გახსნა მთავრობის მიერ თავდაპირველად დაპირებული გეგმით არ წარიმართა და ის რამდენჯერმე გადაიდო.

სექტემბერში რამდენიმე ინტერვენციის დღეს ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ნაცვლად გაუფასურდა. სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა სებ-ის მიერ გავრცელებული განცხადება იმის თაობაზე, რომ ინტერვენციის უშუალოდ მიზანს კურსის გამყარება არ წარმოადგენს.

ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა $180 მილიონი დოლარი გაყიდა, საპარლამენტო არჩევნების შემდგომ კი ლარი კვლავ პიკურად გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ იმ ნიშნულს მიაღწია, რაც მას მარტში ჰქონდა. 

როგორ იცვლებოდა აშშ დოლართან მიმართებით ეროვნული ვალუტის ღირებულება სავალუტო ინტერვენციების დღეებში:

1. 13-მარ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -4.48 თეთრი; 
2. 19-მარ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.36 თეთრი; 
3. 25-მარ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.82 თეთრი; 
4. 27-აპრ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.17 თეთრი; 
5. 21-მაის-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.92 თეთრი; 
6. 10-ივნ-2020 - 29 650 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.55 თეთრი; 
7. 17-ივნ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 2.39 თეთრი; 
8. 02-ივლ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.04 თეთრი; 
9. 22-ივლ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.09 თეთრი; 
10. 13-აგვ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.57 თეთრი; 
11. 27-აგვ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 1.08 თეთრი; 
12. 10-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.14 თეთრი; 
13. 16-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -0.01 თეთრი; 
14. 23-სექ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება -1.04 თეთრი; 
15. 02-ოქტ-2020 - 20 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.13 თეთრი; 
16. 09-ოქტ-2020 - 30 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.61 თეთრი; 
17. 19-ოქტ-2020 - 30 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.69 თეთრი; 
18. 22-ოქტ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.93 თეთრი; 
19. 27-ოქტ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.43 თეთრი; 
20. 29-ოქტ-2020 - 40 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გამყარება 0.07 თეთრი;
21. 2-ნოე-2020 - 60 000 000 დოლარის ინტერვენცია, კურსის ცვლილება - გაუფასურება 1.10 თეთრი.