13.ნოემბერი .2019 17:36

არჩილ თალაკვაძე: უკვე დროა, სავალუტო სესხებზე აკრძალვა 200,000-დან 100,000 ლარამდე ჩამოვიდეს

views 1287
უკან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, უმრავლესობაში არის აზრი, რომ უმჯობესია, სავალუტო სესხების გაცემასთან დაკავშირებით ამოქმედებული რეგულაცია შემსუბუქდეს. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კითხვით, 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვისას ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს მიმართა.

თალაკვაძის განცხადებით, სავალუტო სესხებზე დაწესებული აკრძალვის შერბილებით, ლარის გაცვლით კურსზეც შემცირდება ზეწოლა.

2019 წლიდან საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და იურიდულ პირებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება აეკრძალათ. ლარიზაციის პოლიტიკის ფარგლებში მიღებული ცვლილება უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობისგან მოსახლეობისა და ბიზნესების დაცვას ისახავს მიზნად.

"ბატონო მინისტრო, თქვენ როგორც ბიზნეს სფეროსა და ფინანსურ სფეროში ძალიან კომპეტენტური ადამიანს, კარგად მოგეხსენებათ, რომ საბანკო რეგულაციები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ იყო მიმართული იმაზე, რომ უფრო პასუხისმგებლიანი დაკრედიტება და უფრო სამართლიანი თამაშის წესები შემოსულიყო საბანკო სფეროში, ბანკებსა და კლიენტებს შორის ურთიერთობაში, მაგრამ ჩვენ უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ დღემდე რჩება ერთ-ერთ პრობლემად რეგულაცია, რომელიც 200,000-ლარიან ლიმიტს უკავშირდება ლარზე სესხების გაცემის დროს.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ უკვე დრო არის და ანალიტიკაც, რომელიც ჩვენ დავამუშავეთ, გვაძლევს ამის თქმის საშუალებას, უკვე დრო არის 200,000-ლარიანი ლიმიტი სესხების გაცემასთან დაკავშირებით ლარზე შესაძლებელია შემცირდეს 100,000 ლარამდე, რომ მხოლოდ 100,000 ლარამდე სესხის ფარგლებში იყოს სავალდებულო მხოლოდ ლარში სესხის გაცემა. ამის ზევით ვფიქრობთ, რომ მოსახლეობას სავალუტო სესხის აღება უნდა შეეძლოს. ვფიქრობთ, რომ ეს შეამცირებს უარყოფით დაწოლას კურსზეც, რომელიც დღეს გვაქვს და დაეხმარება ჩვენს ეროვნულ ვალუტას გამყარებაში. გთხოვთ, ამაზე თქვენი პოზიცია, რომ გვითხრათ,"- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

ცნობისთვის: სავალუტო სესხებზე დაწესებული შეზღუდვის შემსუბუქებას ემხრობა საქართველოს საბანკო ასოციაციაც, რომელიც სებ-ს ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა