მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არდადეგების პერიოდში, მერია საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, პროდუქტებს დაურიგებს

5e6dead6891eb
დავით ჯალაღონია
15.03.20 12:40
2029
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს, ის არამალფუჭებადი პროდუქტი, რაც მათ მიმდინარე პერიოდში უნდა მიეღოთ, თუმცა არდადეგების გამო ამას ვერ ახერხებენ, დაურიგდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, პროდუქტების მიღება ბავშვების მშობლებს ხუთშაბათიდან, ორ კვირაში ერთხელ შეეძლებათ.

„სამწუხაროდ, ბევრი მშობლისთვის ბაღში ბავშვის ტარება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ განათლებისთვის, არამედ ბავშვებისთვის კვების სრულფასოვანი რაციონის მისაღებადაც. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის შეჩერებამ ასეთ ოჯახებსა და ბავშვებს შესაძლოა, სხვა ტიპის პრობლემები შეუქმნას და მშობლებისთვის დამატებით ტვირთად იქცეს, მით უმეტეს, ამ სიტუაციაში, როდესაც შეიძლება ბევრ მშობელს საკუთარი ყოველდღიური შემოსავლისა და სამუშაოს შესრულების თვალსაზრისითაც ჰქონდეს გარკვეული შეფერხებები.

გადავწყვიტეთ, რომ ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, თბილისის მერიისა და საბავშვო ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების პერიოდში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, ისევ ჩვენს პატარებს მოხმარდეს.

პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა ბავშვების მშობლებს. ეს შესაძლებელი იქნება ხუთშაბათიდან, პროცესში ჩართულნი იქნებიან მოხალისეებიც. დაფასოებული პროდუქტების პაკეტების გაცემა მოხდება ორ კვირაში ერთხელ და ამ შემთხვევაში სრულად იქნება დაცული ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები“, - განაცხადა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე შეწყდა.