მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არდის“ კომუნიკე საზოგადოებას

61f423d7da081
BM.GE
28.01.22 18:00
628
სადაზღვევო კომპანია „არდი“ რომელიც დაარსების დღიდან განუხრელად ემსახურება ორ უმთავრეს მიზანს - განსაკუთრებით მაღალი ხარისხის სადაზღვევო პლატფორმის შექმნას და დაზღვევის შესახებ ცნობიერების ამაღლებას საქართველოში, კომუნიკეს ავრცელებს.

„არდის“ მიმართვას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში და „ომიკრონის“ შტამის სწრაფად გავრცელებად ტალღასთან დაკავშირებით, საზოგადოების სოლიდარულ პასუხისმგებლობას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ორ წლიანი პანდემიის ფონზე, უკიდურესად შეზღუდულია სამედიცინო სექტორში მომუშავე ადამიანების ფიზიკური თუ ემოციური რესურსი, ხოლო მზარდი ინფიცირების პარალელურად, ჯერ კიდევ პოსტ-კოვიდური გართულებების მკურნალობის ფაზაში რჩება ათი ათასობით ადამიანი. სწორედ ამიტომ, როგორც უშუალოდ არდის დაზღვეულებს, ასევე საზოგადოების სხვა წევრებს, კომპანია თხოვნით მიმართავს, გამოიჩინონ პასუხისმგებლიანი მოქალაქეობრივი პოზიცია და დროებით გადაავადონ ის დაყოვნებადი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებები (რუტინული და პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევები, ამათუიმ დაავადების გეგმიური მონიტორინგი), რომელთა გადავადება არანაირ ზიანს არ მიაყენებს მათ ჯანმრთელობას, მაგრამ შექმნის უკიდურესად საჭირო თავისუფალ დერეფანს, საშუალო და მძიმე მიმდინარეობის კოვიდპაციენტების ადექვატური და დროული მომსახურებისთვის. ეს კი თავის მხრივ, პროპორციულად აისახება ვირუსის მკურნალობის საერთო დადებით შედეგებზე, როგორც უშუალოდ ინფიცირების, ისე პოსტ-კოვიდური გართულებების ეტაპზე.

„იმ საერთო ბრძოლაში, რომელშიც ყველანი ჩართული ვართ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამედიცინო რესურსების ეფექტიანად მართვა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ვირუსი ებრძვის ყველას, როგორც საზოგადოების რიგით წევრებს, ისე მომსახურე სამედიცინო პერსონალს, რამაც შესაძლოა უახლოეს დღეებში საერთო სამუშაო ძალის უკიდურესი დეფიციტი გამოიწვიოს, რაც შეინიშნება უკვე არაერთ ქვეყანაში. დღეს, მთავარი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობაა, თუმცა არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდების, არამედ ერთიანი საზოგადოების ჭრილშიც. სწორედ ამ ღირებულების გაზიარებით, მიგვაჩნია, რომ პანდემიის დაძლევა რთულია სოლიდარული პასუხისმგებლობის გარეშე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი გავაცნობიეროთ, რომ პანდემიის გახანგრძლივება, იწვევს ზოგადად ჯანდაცვის სექტორის და განსაკუთრებით, ოჯახის ექიმების უმძიმეს სამუშაო დატვირთვას, რაც მათი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შრომისუნარიანობაზეც უკიდურესად ნეგატიურად აისახება.

თხოვნა გვაქვს, სწორედ ჩვენი საზოგადოების მიმართ, რომ შეეცადონ საერთო ბრძოლაში შეიტანონ საკუთარი წვლილი და მიმართონ სამედიცინო მომსახურების დაწესებულებებს, ოჯახის ექიმებს, სასწრაფო დახმარების ბრიგადებს - მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მიზნით, ხოლო ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელიც შესაძლებელია გადავადდეს, დაგეგმილი იქნას მოგვიანებით, რამდენიმე კვირის შემდეგ, სწრაფად მზარდი პანდემიური ტალღის სტაბილიზაციისთანავე. მხოლოდ ამ საერთო პასუხისმგებლობით და ერთმანეთის გაფრთხილებით, შევძლებთ ამ გამოწვევის მალე და ღირსეულად გადალახვას“, - ნათქვამია „არდის“ კომუნიკეში.
(R)