მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არემჯის მხარდაჭერით, დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებში პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიმდინარეობს

6295d8127ce9a
BM.GE
31.05.22 12:53
522
კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, არემჯის მხარდაჭერით, სკოლებში გახსნილ დებატკლუბებში საჯარო დებატებისთვის ინტენსიურ სამზადისს გადიან. პროექტი, რომელიც საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ორგანიზებით ხორციელდება, მიზნად ისახავს კაზრეთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სადებატო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. საგანმანათლებლო კურსის დასრულების შემდეგ, კაზრეთის სკოლის მოსწავლეები შეაჯამებენ დებატკლუბების მუშაობას და ქვემო ქართლის სახელით ნაციონალურ ტურნირში მიიღებენ მონაწილეობას.

„კვლევები, რომლებიც ჩატარდა პროექტის ფარგლებში, უკვე ადასტურებს ფორმალური დებატების სწავლების მნიშვნელობას როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების ცხოვრებაში. ახალგაზრდებს უვითარდებათ ისეთი უნარები, როგორიცაა კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა. გარდა ამისა, დებატების ტექნიკა ეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაზრდასა და სწორ კომუნიკაციაში, რაც ხელს უწყობს მთლიანობაში მათ პიროვნულ განვითარებას. მოხარულები ვართ, რომ „არემჯის“ ინიციატივითა და შემდეგ მხარდაჭერით, ჩვენს პროექტში, რომელსაც უკვე ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, წელს პირველად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლებიც ჩაერთნენ. მათ წინ ძალიან საინტერესო გამოცდილება ელოდებათ,“ - აცხადებს თინათინ ცერცვაძე საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.

მოსწავლეებამდე, პროექტში მოსახვედრად, შესარჩევი კონკურსი გაიარეს სკოლის მასწავლებლებმა, რომელშიც მონაწილეობა ქვეყნის მასშტაბით 150-მდე პედაგოგმა მიიღო. დასკვნით ეტაპზე, შეირჩა 20 მასწავლებელი, რომლებმაც გაიარეს ინტენსიური ტრენინგი დებატების ტექნიკასა და კლუბის ხელმძღვანელობაში.

,,მსგავსი შესაძლებლობა ბოლნისის მუნიციპალიტეტს აქამდე არ ჰქონია, ხოლო ახლა კაზრეთის საჯარო სკოლების მასწავლებლებს და მოსწავლეებს მოგვეცა შანსი ჩავრთულიყავით ამ ძალიან საინტერესო პროექტში. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ბავშვების განათლებასა და განვითარებას ფორმალური დებატების სწავლების მიმართულებით, რათა მომავალში მათ უკვე წარმატებულად წარადგინონ საკუთარი თავი როგორც ნაციონალურ, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე.“ - აღნიშნა მარიამ ბერიამ, დაბა კაზრეთის #1 საჯარო სკოლის პედაგოგმა.

კაზრეთის N1 და N2 საჯარო სკოლებში დებატკლუბები, არემჯის ინიციატივით, გასული წლის შემოდგომას გაიხსნა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დებატკლუბების აქტიური მუშაობა და მოსწავლეების მომზადება საჯარო დებატებისთვის. რეგიონში არაფორმალური განათლების მიმართულებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა, არემჯის კორპორაციული პასუხისმგებლობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

,,განათლების და ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის კორპორაციული პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. დებატების კლუბის მხარდაჭერით, ვფიქრობთ რომ დავეხმარებით დაბა კაზრეთის საჯარო სკოლებს, მათ პედაგოგებსა და ძალიან ნიჭიერ მოსწავლეებს, უფრო მეტად ჩაერთონ რეგიონალურ და საერთაშორისო პროექტებში და მიიღონ არაფორმალური განათლება, როგორც დებატების ასევე სხვა ბევრი აქტუალური და საინტერესო მიმართულებით,“- აცხადებს არემჯის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნატალი ნოზაძე.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ დაიწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით 2020 წელს გუდავაძე-პატარკაციშვილის და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებისა და უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით. პროექტი მოიაზრებს დებატკლუბის ქსელის განვითარებას, არსებული და მომავალი პედაგოგების სპეციალურ გადამზადებას დებატების ტექნიკის სწავლებაში, პროფესიული განვითარების მიზნით და მეცნიერული კვლევის წარმოებას, რომელშიც კაზრეთის დებატების კლუბის წევრებიც არიან ჩართულები.

ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში აქტიურად ფუნქციონირებს 60 დებატკლუბი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რომლებშიც 700-მდე მოსწავლე არის აქტიურად ჩართული. დებატკლუბები ამჟამად მუშაობენ ქვემო ქართლში, აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, იმერეთში, კახეთში, რაჭასა და თბილისში.

(NS)