05.დეკემბერი .2019 22:40

„არიან შეძლებული ოჯახები, რომლებიც არ იხდიან გადასახადს“

views 1009
უკან

არიან შეძლებული ოჯახები, რომლებიც როგორც ჩანს, არ იხდიან გადასახადს, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ სვანეთში ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პრობლემაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ენერგო პრო ჯორჯია“ მუდმივად წუხს იმასთან დაკავშირებით, რომ ამოღების მაჩვენებელი მესტიის მუნიციპალიტეტში არის ძალიან დაბალი.

„დიდწილად ეს ეხება საყოფაცხოვრებო სექტორს, ანუ მოსახლეობის ნაწილს. კომერციული ობიექტები მეტნაკლებად იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს. თუმცა, მეორე მხრივ პრობლემა წლებია გრძელდება და არახალია, მაგრამ ამას თან სდევს ის, რომ ეტაპობრივად მოთხოვნა იზრდება ელექტროენერგიაზე მუნიციპალიტეტში, ვინაიდან ტურიზმის განვითარების კვალობაზე იხსნება ახალი სასტუმროები, სხვადასხვა ტურისტული ობიექტები, კვების ობიექტები და ა.შ, ამიტომაც ქსელის გაძლიერება ხდება საჭირო, მაგრამ ისეთ პირობებში, როდესაც ამოღების მაჩენებელი არის დაბალი, მომსახურე კომპანიას „ენერგო პროს“ არ აქვს შესაძლებლობა ამოღებული რესურსებით განავითაროს ქსელი, გააძლიეროს იქ სიმძლავრეები.

გამომდინარე იქიდან რომ მესტიის მუნიციპალიტეტი არის მაღალმთიანი, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კანონმდებლობიდან გამომდინარე, ნაწილობრივი შეღავათები ვრცელდება კომუნალური სუბსიდიის სახით.

მეორე მხრივ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, აქაც შეუძლიათ ისარგებლონ კომუნალური სუბსიდია მიიღონ და შესაბამისად გადაიხადოონ კომუნალური გადასახადები. აქედან გამომდინარე ხელისუფლება აკეთებს მაქსიმალურს მოწყვლადი ჯგუფებისთვის, რათა მათ კომუნალური ტვირთი არ დააწვეთ, მაგრამ მოსახლეობის ამ ნაწილის გარდა, არის შეძლებული ოჯახები, რომლებიც ასევე, როგორც ჩანს, არ იხდიან გადასახადას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეტაპობრივად მოსახლეობის ამ ნაწილმა დაიწყოს გადახდა, რათა „ენერგო პრო ჯორჯიას“ არ ჰქონდეს შემდგომ ფინანსური პრობლემა“, - განაცხადა ნარმანიამ.

მისი თქმით, სემეკი მზადა, სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაგროვებული კომუნალური გადასახადები ჩამოაწერონ მოსახლეობას.

„გადასახადის განწილვადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჩვენი უფლებამოსილება არ არის. ამასთან დაკავშირებით საკუთრივ „ენერგო პროს“ შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება და აქვთ მათ უფლება, რომ განწილვადება გააკეთონ. როცა ასეთი მოწესრიგებული ფორმით დაიწყება ნაწილი დავალიანების ჩამოწერა, ნაწილის განწილვადება, მნიშვნელოვანია, რომ გადახდები დაიწყოს, ასეთ შემთხვევაში ჩვენც როგორც მარეგულირებელი, ვიქნებით წელგამართული და თავისუფლად შეგვიძლია მოვთხოვოთ „ენერგო პროს“, რომ დამატებითი ინვესტიციები განახორციელოს, ქსელი განავითაროს, დამატებით სიმძლავრეები შეიტანოს. მე ყოველთვის პირდაპირ ვამბობ სათქმელს, არ მჩვევია შემოვლა საკითხთან დაკავშირებით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ პრობლემა წლიდან წლამდე კიდევ უფრო გაღრმავდება, და შესაძლოა, გადატვირთული ქსელიდან გამომდინარე, უფრო ინტენსიური გახდეს და დაიწყოს გათიშვები, რაც საკუთრივ მოსახლეობას და აბონენტებს დააზარალებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა