მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არიან თუ არა მობილური ოპერატორები მაღალ მოგებაზე? - კომპანიები მარეგულირებელს პასუხობენ

60bcbc60af0b8
სალომე მეცხვარიშვილი
06.06.21 15:43
1328
არიან თუ არა მობილური ოპერატორები მაღალ მოგებაზე? - კომუნიკაციების კომისია ბიზნესის წინააღმდეგ გამოდის და მათ საოპერაციო მარჟების გამო საყვედურობს. თავად კომპანიები კი ზარალიან 2020-ზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ სამი უმსხვილესი კომპანიიდან ორი მათგანი ზარალზეა. ამჟამად ოფიციალურად ხელმისაწვდომი მხოლოდ “სილქნეტის” მაჩვენებლებია, რომელიც გასულ წელს 80–მილიონიან ზარალზე გავიდა. თავად მარეგულირებლის ანგარიშშიც მითითებულია, რომ მობილურმა ოპერატორებმა საერთო ჯამში 2020 წელს 32 მილიონით ნაკლები შემოსავალი მიიღეს, ვიდრე 2019-ში.

ამის მიუხედავად კომუნიკაციების კომისია 2020 წლის ანგარიშში მიუთითებს, რომ მობილური კომპანიები საკმაოდ მაღალი მარჟებით ოპერირებენ და მიუხედავად კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული არაერთი გადაწყვეტილებისა, რომლებსაც ტარიფები უნდა გაეიაფებინა, ფასები არ შეცვლილა.

“საქართველოში გასულ წელს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების, კერძოდ, „მაგთიკომის“, „სილქნეტის“ და „ბილაინის“ საოპერაციო მარჟები (EBITDA) 40%-ზე მეტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციების კომისიამ ბაზრის ლიბერალიზაციისა და მომსახურებებზე ტარიფების გაიაფების მიზნით, წლების განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, კომპანიებს საკომუნიკაციო სერვისებზე ფასები არ შეუმცირებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაუქმდა სატელეკომუნიკაციო მომსახურების აქციზი, რაც კომპანიების საოპერაციო მარჟის ზრდაზე აისახა, თუმცა არ ასახულა საცალო ტარიფებზე”,– ვკითხულობთ ანგარიშში.

კახა ბექაურის უწყების განცხადებებს “საქმის კურსის” მეშვეობით პასუხობენ თავად მობილური ოპერატორები. “სილქნეტში” მოგების მარჟებსა და მაღალ ტარიფებთან დაკავშირებით კომუნიკაციების კომისიის შეფასებები უკვირთ. კომპანიის სტრატეგიული განვითარების დირექტორი ლევან ბუჩუკური ამბობს, რომ არაერთმა კვლევამ აბსოლუტურად საწინააღმდეგო შედეგი აჩვენა.

“საერთაშრისო საკონსულტაციო კომპანიების ჩართულობით არაერთი კვლევა მომზადდა, რომელიც საპირისპიროს ამტკიცებს, რომ საქართველოში ფასები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ასევე დაბალია ოპერატორების მიერ მიღებული შემოსავალი ერთ აბონენტზე ევროპასთან შედარებით.

რაც შეეხება “მაღალ მოგებებს”, რომლებსაც თურმე კომპანიები აგენერირებენ. ესეც ძალიან უცნაურია, რამდენადაც კომისიის მიერ 2020 წელს შეკვეთილი საერთაშორისო დასკვნის მიხედვით, მათ მიერ დაქირავებულმა კონსულტანტებმაც კი მიუთითეს, რომ საქართველოში მოქმედი ოპერატორების მოგებები იმდენად დაბალია, რომ ფასების შემდგომი შემცირება ფაქტობრივად შეუძლებელია”,– ამბობს ლევან ბუჩუკური.

“სილქნეტში” პასუხობენ კომუნიკაციების კომისიას იმ ნაწილშიც, სადაც მარეგულირებელი მაღალ საოპერაციო მარჟებზე საუბრობს და განმარტავენ, რომ მაღალი EBITDA მაღალ მოგებას არ ნიშნავს.

“ეს ორი სხვადასხვა რამეა. შეუძლებელია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ თუ რომელიმე ოპერატორის EBITDA მაღალია, აუცილებლად ამ ოპერატორის მოგებაც მაღალი იქნება. ეს არ არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეიძლება დავასკვნათ, რომ რომელიმე ოპერატორი მაღალ მოგებაზეა”,– აცხადებს ლევან ბუჩუკური.

კომპანია “მაგთიკომის” იურისტის ლევან გიორგაძის თქმით, კომუნიკაციების კომისიას კარგად ესმის, რომ მაღალი EBITDA–ისა და მაღალი მოგების გათანაბრება არ შეიძლება. გიორგაძე ამბობს, რომ რჩება შთაბეჭდილება, რომ მარეგულირებელს მომხმარებელი სპეციალურად შეჰყავს შეცდომაში.

“ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების ოპერატორების ფინანსები საჯაროდ ხელმისაწვდომია და 3 მობილური ოპერატორიდან 2 წაგებაზეა. მიუხედავად იმისა, რომ EBITDA მაღალია. ამ ფაქტით ცალსახად დასტურდება, რომ კომისიას შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი. რაც შეეხება იმას, რომ ტარიფები არ გაიაფდა - საქართველოში ტარიფები გაიაფდა.

2019 წლის წლიურ ანგარიშში კომისია თავად სიამაყით აღნიშნავს, რომ მობილურ ბაზარზე კონკურენცია არის მაღალი და დარგის რეგულირების საჭიროება არ არსებობს. 2020-ში ბაზარზე სიტუაცია არ შეცვლილა, კომისიამ კი აღმოაჩინა, რომ კონკურენცია არის შეზღუდული და ტარიფები მაღალი. კომისიას ვურჩევდი, ჩამოყალიბდეს, რომელი ინფორმაციაა სწორი”,– აცხადებს ლევან გიორგაძე.