მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის დაპირებები, რომლებიც სჯობს, პარტიებს არ შევახსენოთ და არ შეასრულონ - გიორგი პაპავა

61851108abba1
ინგა მურუსიძე
05.11.21 23:50
930
ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტი გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ ისეთი პროგრამების დრო არ არის ახლა, რომელიც ბიზნესს მიმზიდველობის გამო მის გამოყენებას „აიძულებს“.

საკითხზე მან BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ არ არის დრო ასევე იმ საარჩევნო დაპირებების შესასრულებლად, რომლებიც ფისკალურ დისციპლინას  ქვეყანაში ხელს არ შეუწყობს.

„ფისკალურ კონსოლიდაციას რაც შეეხება, გარკვეული ნაბიჯები თითქოს ამ მიმართულებით გადაიდგა, როცა მაგალითად ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ვპროგნოზირებდით. ეს წაგვეხმარა, რომ ბიუჯეტის დეფიციტი და ვალის დაგროვების ტემპი შეგვემცირებინა, თუმცა წელს გვაქვს „არჩევნების რისხვა“, როდესაც ძალიან ბევრი კონსოლიდაციისგან კარდინალურად განსხვავებული დაპირებები გვესმის, რაც არ უწყობს ხელს ქვეყანაში ფისკალური დისციპლინის დამკვიდრებას და არ არის მიმართული პასუხისმგებლიანი პოლიტიკის დამყარებისკენ“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.

რაც შეეხება ბიზნესის მიმართ მხარდამჭერ ღონისძიებებს, პაპავა მიიჩნევს, რომ აქ ცალსახად მნიშვნელოვანი იქნება, სამთავრობო გუნდმა გადახედოს იმ პროგრამას, რომელიც დააანონსა 10-წლიანი გეგმის ფარგლებში.

„პროგრამის გადახედვა აუცილებელია, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ რიგ სექტორებში უკეთესი შედეგები გვაქვს, ვიდრე ამას ვპროგნოზირებდით. მაგალითად ეკონომიკური ზრდა იმაზე მეტია, ვიდრე მაშინ ვვარაუდობდით, როცა ამ პროგრამებს ვადგენდით. ნამდვილად არსებობს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ სახელმწიფოს ჩარევის და დამატებითი მხარდაჭერების გარეშე მივანდოთ პროცესი.

ისეთი პროგრამების დრო, რომელიც ბიზნესს „აძალებს“ მის გამოყენებას მიმზიდველობის გამო, მათი განხორციელების დრო, იმ ფისკალური ვითარების გათვალისწინებით, რაც ქვეყანაში არსებობს, არ არის. რომ არაფერი ვთქვათ ისეთ პროგრამებზე, რაც არის მაგალითად იპოთეკური სესხების სუბსიდირება და ა.შ. წინასაარჩევნოდ ერთგვარი შეჯიბრიც გაიმართა კანდიდატებს შორის და იმედია ეს დაპირებები მართლა არ ასრულდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არ დავარღვიოთ ფისკალური დისციპლინა. ცალსახად ჩანდა, რომ დაპირებები იყო ერთ თვეში მოგონილი - აბა ახლა რა ვქნათ - პრინციპით. არის რიგი დაპირებები, რომელიც ჯობია არ შევახსენოთ და არ შეასრულონ“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.