მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა პენსიაზე გასვლაა - კოვზანაძე კანდიდატებს მიმართავს

60e83680d5750
ვიქტორია მღებრიშვილი
09.07.21 15:40
980
პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის სამ კანდიდატს ნიკოლოზ გაგუას, ეკატერინე მიქაბაძესა და ეკატერინე გალდავას მხარი დაუჭირა. წევრების დამტკიცება საბოლოოდ პარლამენტის სესიაზე უნდა მოხდეს.

კენჭისყრის შემდეგ კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ კანდიდატებს მიმართა და უთხრა, რომ მათ თავისი საქმიანობით ეროვნულ ბანკს უნდა მისცენ იმპულსი, რომ მარეგულირებელი ქმედითი გახდეს.

„ჩვენ სამივე კანდიდატურას მხარი დავუჭირეთ. სამივე მაღალი ხარისხის პროფესიონალია სხვადასხვა მიმართულებით. მათ ფინანსები სხვადასხვა პროფილით იციან და ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვნად გააძლიერებენ. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა საბჭომ უნდა უზრუნველყოს. ჩვენ ამას საპარლამენტო ზედამხედველობით და ხშირი გამეორებით უზრუნველვყოფთ, რომ ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ყოველთვის მაღალ დონეზე შენარჩუნდეს.

საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა პენსიაზე გასვლაა, ჩემი აზრით, თქვენ ამ წესებში არ უნდა ჩაჯდეთ. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ეროვნულ ბანკის საბჭოს მნიშნელოვანი იმპულსი უნდა მისცეთ და ახალი ენერგიით უნდა აავსოთ, რომ საბჭო გახდეს ქმედითი და საფინანსო სექტორში, მაკროეკონომიკური და მონეტარული სტაბილურობისთვის კიდევ უკეთესი საქმე გააკეთოს. ვფიქრობ, რომ ეროვნული ბანკის საბჭო თქვენი მისვლით მნიშვნელოვნად გაძლიერდება. თითოეული თქვენგანი თქვენი მიმართულებისთვის მოტორი უნდა გახდეთ. აქედან გამომდინარე დაგიჭირათ კომიტეტმა მხარი. თქვენ უნდა შეცვალოთ საზოგადოებაში ეროვნულ ბანკზე არსებული წარმოდგენები, უნდა იყოთ დამოუკიდებლები და დამოუკიდებლობის შემნარჩუნებლები. ვფიქრობ, რომ აქტიურად იმუშავებთ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ეროვნული ბანკის პირველი ფუნქცია ეს არის ფასების სტაბილურობის შენარჩუნება, მეორე საბანკო სტაბილურობის შენარჩუნება, რაც კიდევ უფრო მაღალ ხარისხში იყოს აყვანილი“, - განაცხადა კოვზანაძემ.