მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის მსჯელობა ივანიშვილისთვის პერსონალურ სანქციებზე - სენატის ადმინისტრაციული მაღალჩინოსანი

603911ea36f29
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.21 19:23
3994
"ქართული ოცნების" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აშშ-ის მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესებაზე არის მსჯელობა, ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის რესპუბლიკური ფრთის ადმინისტრაციის უფროსმა, კრის სოჩამ განაცხადა. სოჩამ ეს განცხადება გააკეთა ონლაინ ვებინარზე "საქართველო გზაგასაყარზე", რომელსაც მის გარდა მეთიუ ბრაიზა, ანდრეას კუბილიუსი, დევიდ კრამერი და ზიგიმანტას პავილიონისი ესწრებოდნენ. 

კრის სოჩას თქმით, ის ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმების მიღწევისთვის 1 წლის წინ საქართველოში იმყოფებოდა, რა შეთანხმების შედეგადაც გარკვეული წარმატება იყო მიღწეული, რაც ზოგიერთი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაში აისახა, თუმცა 2020 წლის არჩევნების შემდეგ ვითარება გაუარესდა, რაც თავად არჩევნების ხარისხზეც აისახა. მისი თქმით, ვითარების დამატებითი პოლარიზების ფონზე მათ დაიწყეს განხილვა ისეთი ზომების შესახებ, "რომელთაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ განიხილავდნენ". 

"იყო მსჯელობა სენატში კონკრეტული ფიზიკური პირების მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე. ეს არის საკითხი, რომელსაც წარსულში ვერც წარმოვიდგენდით, თუმცა ამჟამად შედგა ამის შესახებ მსჯელობა. როგორც ვიცი, ამის შესახებ გასული არჩევნების შემდეგ თავად სახელმწიფო დეპარტამენტშიც იყო მსჯელობა. შესაბამისად, სენატის უფრო მეტი წევრი ინტერესდება საკითხით თუ რა სანქციების ან რა ზომების მიღება შეგვიძლია ჩვენ ამასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მესიჯი თბილისში მყოფი პოლიტიკოსებისთვის გასაგები გახდეს. 

იმედი მაქვს, რომ სანქციები არ გახდება საჭირო და მხარეთა შორის ძალაუფლების განაწილების შესახებ შეთანხმება იქნება მიღწეული. თუ ეს ასე არ იქნა, მაშინ, სავარაუდოდ, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს. შესაბამისად, ვაშინგტონი განიხილავს, თუ რა პოზიციის დაჭერით დაეხმარება საქართველოში პროცესის დასტაბილურებას. 

სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში არის საუბარი თარგეთირებული სანქციების დაწესების შესახებ. არსებობს ორი ალტერნატივა: პირველი - სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციებიდან ერთ-ერთია აშშ-ის ტერიტორიაზე მყოფი ანგარიშების გაყინვა, რაც, შესაძლოა, ფინანსთა დეპარტამენტმა სხვა სამინისტროებთან ერთად განიხილოს; მეორე - შეზღუდვა მოგზაურობაზე. მართალია, ივანიშვილი არ მოგზაურობს აშშ-ში, მაგრამ შესაძლოა, სანქცია შეეხოს მის შვილებს ან შეეზღუდოთ უფლება მათ აშშ-ში მოგზაურობისა და განათლების მიღების შესახებ. 

ამას გარდა, არიან სხვებიც, ვინც საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებში არიან ჩართული და მასთან ძალიან ახლოს არიან. სანქციების დაწესება მათთვისაც შეგვიძლია, როგორც ცალკე ინდივიდებისთვის.

ასეთი სანქციები კონკრეტულ ადამიანებზეა თარგეთირებული და ჩვენ არ ვსაუბრობთ მთელი საქართველოს საზოგადოებისა და მთელი მთავრობისთვის სანქციების დაწესებაზე," - აცხადებს კრის სოჩა.